ჩიგოგიძის მიერ მიგზავნილი "ნასედკები" პოლიციელების თანდასწრებით სცემდნენ ადამიანებს და პოლიცია არ რეაგირებდა - ხაბეიშვილი

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ჩოხატაურში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება და დიპლომატებს მოუწოდებს, რომ ამ საკითხით დაინტერესდნენ.

დღეს გამართულ ბრიფინგზე მან აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" წევრის, ვასილ ჩიგოგიძის, მიერ მიგზავნილი მოქალაქეები ფიზიკურად იქ მყოფ ადამიანებს, მათ შორის ქალებს, გაუსწორდნენ.

როგორც ხაბეიშვილი ამბობს, ის დღეს თავად აპირებს ჩოხატაურში ჩასვლას და იმ საინფორმაციო ფლაერების დარიგებას, რისი საშუალებაც "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა მისი პარტიის წევრებს არ მისცეს. 

"საინფორმაციო ბუკლეტებს არიგებდა "ნაციონალური მოძრაობა" დღეს ჩოხატაურში, როცა
ჩიგოგიძის მიერ მიგზავნილი "ნასედკები," ესენი არ არიან ზონდერები... როცა პოლიციელებთან ერთად, ისინი პოლიციელების თანდასწრებით სცემდნენ ადამიანებს და პოლიცია არ რეაგირებდა და მათ შორის იძალადეს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილეზე - თათია ნიკოლაშვილზე, ფიზიკურად გაუსწორდნენ ოზურგეთის პარტიის თავმჯდომარეს - დავით მჟავანაძეს, ასევე, ფიზიკურად გაუსწორდნენ ჩოხატაურის საკრებულოს წევრ არჩილ სიხარულიძეს და კიდევ ჩვენს რამდენიმე თანამებრძოლს, რომლებსაც პოლიციის თანხლებით ეს "ნასედკები," ჩიგოგიძის მიგზავნილი, ჩიგოგიძის მარჯვენა ხელად რომ ითვლებიან და რომ გაყვლიფეს ჩოხატაურელები, ეს ადამიანები პირდაპირ ეთერში ძალადობდნენ. 

ახლა მე მინდა მოვუწოდო, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებს, დიპლომატებს - ჩემო ძვირფასებო, როცა ვსაუბრობთ ხოლმე ჩვენ 12-პუნქტიან გეგმაზე, ჩვენს ევროპულ მომავალზე, კარგად უნდა გესმოდეთ როგორ ხალხთან გვაქვს საქმე," - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს, 3 სექტემბერს, ჩოხატაურში "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. არსებული ინფორმაციით, ნაცემია 10-ზე მეტი ოპოზიციონერი.

როგორც პარტიაში ამბობენ, ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი დავით მჟავანაძე, თანამოაზრეებთან ერთად, სკვერში ნოდარ დუმბაძის პარკის ნაწილის გასხვისების შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებდა. მათივე თქმით, დავით მჟავანაძეს თავს პარლამენტარ ვასილ ჩიგოგიძის დაჯგუფება დაესხა.

როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს, მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. თუმცა, უწყებას ჯერჯერობით არავინ დაუკავებია. ასევე, უცნობია როდის მოხდება ინციდენტში მონაწილე პირების გამოკითხვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი