"ხმა გავიგე ვაიმეო და ბექა, თოფი გესროლა-მეთქი, შვილო? ერთი ვაზნაა დაცლილი" - გურჯაანში მოკლულის მამა

გამოქვეყნდა:

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული 
35 წლის ბექა ჯანიაშვილი ბოლო წლების განმავლობაში გურჯაანის სახანძრო-სამაშველო სამსახურში მძღოლის პოზიციაზე მუშაობდა.

მას სანადირო თოფიდან სასიკვდილო ჭრილობა თანასოფლელმა, 85 წლის კოლა გაბიტაშვილმა, მიაყენა. ჯანიაშვილი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა. ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მკვლელობის მოტივსა და მიზეზებზე "მთავარ არხთან" დეტალურად იხსენებს ბექა ჯანიაშვილის მამა. როგორც ის ამბობს, მხარეებს შორის დაპირისპირების მიზეზი ის საერთო სარგებლობის გზა გახდა, რომელიც ჯანიაშვილებისა და გაბიტაშვილების მიწის ნაკვეთს ერთმანეთთან აკავშირებდა.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში, მამაკაცი ჯანიაშვილს ამ ტერიტორიაზე გადაადგილებას უკრძალავდა, სადაც მათი კუთვნილი თივის საწყობი არსებობდა. მოკლულის მამის მტკიცებით, ის სწორედ ამ ტერიტორიაზე ჩაუსაფრდა ჯანიაშვილს და სანადირო თოფი მაშინ გაისროლა, როცა მამაკაცი ავტომობილიდან გადმოვიდა.

"თოფის გავარდნის ხმა რომ გავიგე, ახლოს ვიყავი. ალბათ, ერთ 100 მეტრში, ჩემს ტერიტორიაზე ვიყავი. ხმა გავიგე ვაიმეო და ბექა-მეთქი, თოფი გესროლა-მეთქი, შვილო. ამან ერთი 70-80 მეტრი გამოიარა და მე რომ უკვე გამოვედი, უკვე გზაზე დავარდა. ერთი ვაზნაა დაცლილი ოღონდ მრავალსაფანტიანი. რა ვიცი, ექსპერტიზას უთქვია, რომ 48 ცალი ამოვიღეთ ის საფანტიო," - ამბობს მოკლულის მამა. 

ცნობისთვის, მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელებმა ცხელ კვალზე დააკავეს. კოლა გაბიტაშვილი ახლა გურჯაანის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება და ბრალის წარდგენის მოლოდინშია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი