
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შოვის ტრაგედიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას კიდევ ერთხელ ეხმაურება და ოპოზიციას მოუწოდებს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის ინტერპელაციას დაელოდონ.
როგორც პაპუაშვილი ამბობს, ვახტანგ გომელაური ინტერპელაციის წესით პარლამენტში 22 სექტემბერს მივა და ყველა კითხვას გასცემს პასუხს.
მისივე მტკიცებით, შოვზე საგამოძიებო კომისიის შექმნა "კიდევ ერთი პოლიტიკური რადიკალური დღის წესრიგის შემოტანის მცდელობაა."
"როცა ჰქონდათ ინიციატივა, მე მაშინ შევთავაზე, რომ ჯერ გამოეყენებინათ ის ინსტრუმენტები, რომლებიც უფრო სწრაფი და ეფექტიანია. მათ შორის, ინტერპელაციის შესაძლებლობა და კარგია, რომ ამის შემდეგ ინტერპელაციით მიმართეს მათ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელიც 22 სექტემბერს სწორედ ამ ინტერპელაციაზე საპასუხოდ მოვა პარლამენტში და ექნებათ შესაძლებლობა, რომ ყველა ამ კითხვაზე, რაც საკმაოდ ვრცლად დაუსვეს მას კიდევაც, მიიღონ პასუხი.
ამიტომ, ჩემი მოწოდება იქნებოდა ოპოზიციის მიმართ, მინიმუმ დაელოდონ ინტერპელაციას და ნახონ რა კითხვები დარჩათ მათ, რომელზეც პასუხს ელიან და ამ პასუხებს მიიღებენ თუ არა. შინაგან საქმეთა მინისტრი მოვა და ყველა ამ კითხვას გასცემს პასუხს.
საგამოძიებო კომისიას რაც შეეხება, მე მაშინაც ვთქვი და სხვათა შორის ოპოზიციასაც ვხედავთ, რომ ამაზე ერთიანობა არ არის, ეს ცხადია და ჩანს კიდევაც, რომ ეს არის კიდევ ერთი პოლიტიკური რადიკალური დღის წესრიგის შემოტანის მცდელობა. კითხვა თუ აქვთ რაიმე, ინტერპელაცია სწორედ ამისთვის არსებობს, რომ დაიბარონ ის ანგარიშვალდებული სტრუქტურები საქართველოში და ინტერპელაციის წესით გასცემენ ყველა ამ პასუხს. საგამოძიებო კომისია რა დამატებით საშუალებას აძლევს ჩემთვის გაუგებარია, გარდა იმისა, რომ ამითი იმედი შეიძლება ჰქონდეთ, რომ შეიძლება შექმნან გარკვეული მედია აჟიოტაჟი ამ თემის გარშემო, რაც, რა თქმა უნდა, არის ყველაზე არაღირსეული საქციელი იმ ტრაგედიის ფონზე, რაც ჩვენ შოვში ვნახეთ, რომ ამ ყველაფრის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზება მოახდინონ. ეს არ არის არც პოლიტიკურად სწორი საქციელი და არც ადამიანურად სწორი საქციელი," - თქვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტის ბიუროს სხდომას დღეს დადგენილების პროექტი წარედგინება, რომელიც შოვში მომხდარი სტიქიური მოვლენების გამომწვევი მიზეზების და მასზე რეაგირების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს.
დადგენილება „ნაციონალურმა მოძრაობამ" მოამზადა. საგამოძიებო კომისიამ უნდა გამოიკვლიოს: რატომ არ არსებობდა მონიტორინგის და ადრეული შეტყობინების სისტემები, მიმდინარეობდა თუ არა სტიქიური უბედურების ზონაში ხე-ტყის უკანონო გაჩეხა, რა სახის სამშენებლო ნებართვები გაიცა სტიქიის ზონაში და მოხდა თუ არა რისკების შეფასება.