გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გენერალურ პროკურატურაში კიდევ ერთ შეხვედრას ორშაბათს გამართავს. ადვოკატის ინფორმაციით, ბაჩალიაშვილის კუთვნილი მანქანის ექსპერტიზაში უცხოელი სპეციალისტები ჩაერთვებიან, პროკურორი კი, რომელსაც ბაჩალიაშვილის დედა ბულინგში ადანაშაულებდა საქმეს ჩამოშორდება.
რაც შეეხება შინაარსობრივ ინფორმაციას, Facebook-ის და სოციალური ქსელებიდან, რა დროსაც უკვე ებმევა ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი და ყველა ის საგამოძიებო ორგანოები, რომლებიც არის FBI-სთან დაკავშირებული. მათი ნებართვის გარეშე ვერ გასცემენ ამ ინფორმაციას, ექსპერტიზასთან დაკავშირებით უკვე ეს არის ჩართულობა და ეს არიან ექსპერტები რომლებიც იძლევიან სრულ ინფორმაციას, - თქვა მიხეილ რამიშვილმა.
ადვოკატი გამორიცხავს, რომ გამოძიების გაჭიანურება მოხდეს. მისი თქმით, მსგავსი შედეგი მიუთითებს, რომ პროკურატურა თავს არიდებს საქმის სრულად და ობიექტურად გამოძიებას.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის ახალგაზრდა თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.
25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.