19 წლის ფეხბურთელის, გირგი შაქარაშვილის დაცვის მხარის ადვოკატებმა პროკურატურისგან საქმის მასალები მოითხოვეს. ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატი აცხადებს, რომ უწყებას მასალებს "პირველი" საქმის წარმოებიდან სთხოვენ და აქვთ მოლოდინი, რომ დამძიმებული ბრალის გარემოებები და მტკიცებულებები ამ საქმის მასალებშიც იქნება.
ჩვენ მოვთხოვეთ დღეს საქმის მასალები წერილობითი განცხადებით, თუმცა არა 109-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთან დაკავშირებით არამედ მანამდე არსებულ, თავისუფლების უკანონო აღკვეთასთან დაკავშირებით, გვქონდა კომუნიკაცია, ამზადებენ გადმოსაცმეად. გვაქვს ვარაუდი, რომ მეორე საქმეშიც იქნება იგივე მასალები, ჩვენ ჩავიბარებთ და გვექნება საშუალება გაუთქმელობის გარეშე, ვისაუბროთ მტკიცებულებებზე, - თქვა ვასილ მამულაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები პროკურატურის გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად საქმეს ჩამოაშორეს. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც დაკავებულების ადვოკატებმა გაუთქმელობის ხელწერილს ხელი არ მოაწერეს და ამის სანაცვლოდ, პროკურატურამ მათ ბრალის დამძიმების შესახებ, საქმის ახალ მასალებზე წვდომა შეუზღუდა.
ადვოკატები პროკურატურის გენერალურ ინსპექციას მიმართავენ და ამბობენ, რომ დაირღვა მათი დაცვის ქვეშ მყოფების უფლებებიც, რადგან ბრალდებულებს არ სურთ სახაზინო ადვოკატებმა დაიცვან.
შეგახსენებთ, რომ 11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო.
ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებულების ადვოკატები პროკურატურის პოზიციას არ ეთანხმებიან.
ხუთი პირის გარდა, ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის, ასევე, ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე დაკავებულია კიდევ 12 პირი, რომლებსაც აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა აქვთ შეფარდებული. მათ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.