ჩვენ მონები არ ვართ, რომ პროკურატურას მის ყველა კაპრიზზე დავეთანხმოთ - გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების ადვოკატები გაუთქმელობის პირობის გაპროტესტების გამო საქმეს ფატობრივად ჩამოაშორეს. ალექსანდრე კობაიძემ, ვასილ მამულაშვილმა და გიორგი გელხაურმა გაუთქმელობის ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერეს, ამითომ დაკავებულების უფლებებს სახაზინო ადვოკატები დაიცავენ. საქმეში სახაზინო ადვოკატების ჩართვის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
ვახტან ჩიქოვანის ადვოკატმა კი გაუთქმელობის ხელშეკრულებას ხელი მოაწერა. მისი აზრით საქმის მასალები თავიდანვე არ უნდა გასაჯაროვებულიყო. გიორგი შაქარშვილის საქმეზე დიდი საზოგადოებრივი ინტერესია და ამიტომ ამ საქმის მასალების ახლა ჩაკეტვა საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტ ეჭვს გამოწვევეს.
ადვოკატები ამბობენ, რომ ისინი ბოლომდე სამართლებრივად იდავებენ პროკურატურასთან, რადგან საგამოძიებო უწყებამ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო.
მცხეთის იურიდიული დახმარების ბიუროში გუშინ, 12 აგვისტოს გვიან ღამით შევიდა პროკურატურის განცხადება, რომელშიც სახაზინო ადვოკატების საქმეში ჩართვის მოთხოვნა იყო აღნიშნული. საქმის ადვოკატებმა მცხეთის იურიდიულ განყოფილებას თხოვნით მიმართეს, რომ პროკურატურის პროვოკაციაში არ ჩართულიყვნენ, თუმცა განყოფილებამ მათი თხოვნა არ გაითვალისწინა და სახაზინო ადვოკატებს საქმის მასალები გადასცა.
ეს გადაწყვეტილება სწორედ იმას ემსახურება, რომ მათ არ სურთ მედიაში და საზოგადოებაში გავრცელდეს ის რეალური ინფორმაცია, რომელიც საქმეში არსებობს და თავზე მოახვიონ მათ შორის საზოგადოებას, ინფორმაცია, რომელიც არ გამომდინარეობს მტკიცებულებებიდან, - თქვა ვასილ მამულაშვილმა.
მისი თქმით, საქმეში ჩართული ადვოკატები ამას არ დაუშვებენ, რადგან პროკურატურის ეს ნაბიჯი არა მხოლოდ მიმდინარე საქმისთვის იქნება დამაზიანებელი, არამედ სახიფათო პრეცედენტს შექმნის.
ეს ნაბიჯი პირდაპირ მიმართულია იმისკენ, რომ არ მოხდეს ადვოკატებისგან იმ მტკიცებულებებზე საუბარი, რომლებიც საქმეში არსებობს, - ამბობს ალექსანდრე კობაიძე.
საბოლოო გადაწყვეტილება ახლა ბრალდებულებსა და მათ ოჯახზეა დამოკიდებული, თუ მათი სურვილი იქნება, მათ ისევ ამ დრომდე მათ საქმეზე მომუშავე ადვოკატები დაიცავენ, თუმცა მათ საქმის მასალების გაცნობის საშუალება არ ექნებათ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე 5 დაკავებულს ბრალი 11 აგვისტოს დაუმძიმდა. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრეს. საგამოძიებო უწყებამ სპეციალური ვიდეორეკონსტრუქციაც გაავრცელა.
პროკურატურის ვერსიას ენდობა შაქარაშვილის ოჯახი. მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ მათ პრეტენზიები კითხვები გამოძიებასთან არ აქვთ და ამბობს, რომ პროკურატურამ დანაშაული გახსნა.
19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული. თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს. რა მოხდა ამ ერთი თვის განმავლობაში, ამ საკითხზე "მთავარი არხი" საქმის მიმდინარეობის პარალელურად და ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების კვალდაკვალ, განახლებულ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში შემოგთავაზებთ.