NATO რუმინეთს მტკიცე სოლიდარობას უცხადებს მის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, რუსული დრონების ნაწილების ჩავარდნაზე

გამოქვეყნდა:

NATO "მტკიცე სოლიდარობას" უცხადებს რუმინეთს, რომლის ტერიტორიაზეც სავარაუდოდ, რუსული დრონების ნაწილები დაეცა უკრაინაზე თავდასხმის დროს.

"ვაგრძელებთ სიტუაციის მონიტორინგს და მჭიდრო კავშირში ვართ მოკავშირე რუმინეთთან", - ნათქვამია ალიანსის განცხადებაში. 

NATO-ს წევრმა ქვეყანამ თავდაპირველად უარყო ინფორმაცია, თითქოს ირანული წარმოების რუსული დრონები მის ტერიტორიაზე დაეცა უკრაინის პორტ იზმაილზე თავდასხმის დროს. თუმცა, 6 სექტემბერს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ "5 სექტემბერს გამომძიებლებმა აღმოაჩინეს დრონების ნამსხვრევების მსგავსი ელემენტები".

რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა დრონების ნამსხვრევების აღმოჩენის ფაქტზე სასწრაფო გამოძიების ჩატარება მოითხოვა.

"თუ დადასტურდება, რომ ეს ელემენტები რუსულ უპილოტო საფრენ აპარატებს ეკუთვნოდა, ეს იქნება სრულიად დაუშვებელი და NATO-ს მოკავშირე რუმინეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა. ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვართ მოკავშირეებთან. NATO-ს ფარგლებში ჩვენ ძალიან კარგად ვართ დაცული… რუმინეთი სარგებლობს უსაფრთხოების უკიდურესად ძლიერი გარანტიებით, ყველაზე ძლიერით ჩვენს ისტორიაში", - განაცხადა იოჰანისმა.

დრონების ნაწილები პორტ იზმაილის დუნაის მეორე მხარეს, რუმინეთის სოფელ პლაურუს მიდამოებში აღმოაჩინეს. გამოძიება მიზნად ისახავს ნამსხვრევების წარმოშობისა და მახასიათებლების დადგენას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი