
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის თავდაცვის ახალი მინისტრი, რუსტემ უმეროვი წარადგინა და იმ გამოწვევებისა და პასუხისმგებლობის შესახებ ისაუბრა, რომელიც ახალი მინისტრის წინაშე დგას
"ეს არის სამინისტრო, რომელიც პასუხისმგებელია მთელი თავდაცვის სექტორის კოორდინაციაზე. უკრაინელი ჯარისკაცი თავდაცვის ძალების მთავარი პრიორიტეტია. თუ მეომრის სიმტკიცისთვის საჭიროა თავდაცვის ძალების აქტივობაში ცვლილებები, მაშინ ასეთი ცვლილებები მყისიერი უნდა იყოს. ყველაფერი, რისი გაციფრულებაც შესაძლებელია, უნდა იყოს გაციფრულებული. ყველა ბიუროკრატიული პროცედურა, რომელიც შეიძლება გაუქმდეს, უნდა გაუქმდეს. ყველაფერი, რაც ჯარისკაცების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას დაიცავს, უნდა მოიძებნოს და მიეწოდოს უკრაინულ ჯარებს. საჭიროა უკრაინელი ჯარისკაცებისადმი დამოკიდებულების ახალი ფილოსოფია: ხალხი არ არის დასაკარგი, მათი დრო და ენერგია სახელმწიფოს ღირებულებაა." განაცხადა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ საჭიროა ნდობა - "ნდობა მიღებულ გადაწყვეტილებებში, ნდობა შესყიდვებში, ნდობა დაგეგმილი და განხორციელებული მიწოდების მიმართ და ნდობა ქვედანაყოფებსა და უკრაინის თავდაცვის სისტემის კავშირებში.
დარწმუნებული ვარ, რომ რუსტემ უმეროვს შეუძლია ამის უზრუნველყოფა." აღნიშნა ქვეყნის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რუსტემ უმეროვი უკრაინის უმაღლესმა რადამ პრეზიდენტ ზელენსკის წარდგინებით უკრაინის თავდაცვის მინისტრად გუშინ, 6 სექტემბერს დაამტკიცა. მინისტრობამდე მას სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა.
ოლექსეი რეზნიკოვის გათავისუფლების შესახებ კი, უკრაინის პრეზიდენტმა 3 სექტემბერს განაცხადა.