ქვეყნის საგარეო ვალი მილიარდნახევრით გაიზარდა. რეკორდულ ნიშნულს მიღწეული სახელმწიფო სესხი დღეს 20 257 138 000 ლარს შეადგენს. საერთაშორისო დონორებისგან საქართველოს მთავრობის მიერ აღებული ვალი ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა. 2020 წლის ივნისში საქართველო მთლიანი ვალის მაჩვენებელი 18 766 661 000 ლარი იყო, ივლისში კი ის 20 257 138 000 ლარამდე გაიზარდა. ოპოზიცია აღებული სესხის არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს და პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებს. საქართველოს მოქალაქეებს ნასესხები 20 257 138 000 ლარის გასტუმრება საკუთარი ჯიბიდან მოუწევთ.
ფინანსთა სამინისტრო დუმს. უწყებაში გაზრდილ საგარეო ვალზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. რას მოხმარდა ერთ თვეში აღებული მილიარდნახევარი უცნობია. მთავრობის ოპონენტები ეჭვობენ, რომ "ოცნებამ" ვალი საარჩევნო წელს ამომრჩევლის გულის მოსაგებად აიღო.
საგარეო ვალის რეკორდულ ნიშნულზე საუბრობენ ექსპერტები. ფინანსისტები ეკონომიკის სფეროში მძიმე პროცესებს პროგნოზირებენ და ამბობენ, რომ ქვეყანა საგარეო ვალის აღების 60%-იან ნიშნულს მკვეთრად მიუახლოვდა, რაც, საბოლოოდ, საკრედიტო რეიტინგებს შეამცირებს. ექსპერტების თქმით, თუ ხელისუფლება ფულს ბიზნესის განვითარებას ან ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოახმარდა, ვალის აღება მიზანშეწონილი მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნებოდა. თუმცა, ნასესხები ფული არცერთ მათგანზე არ დახარჯულა.
ხელისუფლებამ, რომელმაც წლების განმავლობაში აღებული საგარეო ვალის გადახდა თითოეულ მოქალაქეს დააკისრა, უცნობია, რატომ გაიმეტა გაჭირვებაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები.
ოპოზიცია და ანალიტიკოსები მმართველ გუნდს ინფორმაციის გასაჯაროებისკენ მოუწოდებენ. ისინი ინტერესდებიან, რაში დაიხარჯა ხალხის ჯიბიდან აღებული ფული. სტატისტიკა აჩვენებს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში ქვეყნის საგარეო ვალი 8 წლის განმავლობში თითქმის სამჯერ გაიზარდა და ციფრმა 6 მილიარდიდან 20- ს გადააჭარბა.