ღარიბაშვილის ორი ღონისძიება 900 000 ლარამდე დაუჯდებოდა ბიუჯეტს...ნამდვილად არის დასაჭერი - ხაბეიშვილი

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობა" პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს და პროკურატურას კონკრეტული ღონისძიებების დაწყებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, დღეს ბრიფინგზე განაცხადა.

"ეს ფრენები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ და მისი ვოიაჟი, დაახლოებით 200 000 ლარამდე დაუჯდებოდა ბიუჯეტს. ასევე, ციხე-რესტორანში, სადაც მან მის მეუღლეს გადაუხადა დაბადების დღე დაახლოებით 700 000 ლარი დაჯდებოდა. საუბარია ორ ღონისძიებაზე, მის დასვენებაზე და დაბადების დღეზე, რაშიც 900 000 ლარამდე დახარჯავდა ირაკლი ღარიბაშვილი.

საზოგადოებას გვიწევს ამის გარჩევა, რომ ნუნუკას ტყე აჩუქა; რომ ნუნუკას დაბადების დღე აქვს; რომ ნუნუკას დასვენება სჭირდება; რომ ნუნუკას დაქალები დასასაქმებლები არიან; ეს კაცი, ირაკლი ღარიბაშვილი, ნამდვილად არის დასაჭერი.

ამიტომ, პროკურორი რომ ჰქვია, აი, ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი თანაშემწე რომ გახლავთ, შოთაძეს ვგულისხმობ, უამრავი დანაშაული აქვს მას სისხლის სამართლის და მე მინდა მას ვუთხრა, რომ თუ ახლა, აი, ამ წუთებში კონკრეტულ ღონისძიებებს არ დაიწყებს ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ და მას ბორკილებს არ დაადებს, ისიც ისეთივე თანამონაწილეა ამ დანაშაულების, რაც ჩამოვთვალე, რაც ვნახეთ თუნდაც გუშინ," - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ, 9 სექტემბერს, TV პირველის ეთერში სიუჟეტი გავიდა, სადაც Georgian Airways-ის დამფუძნებელმა, თამაზ გაიაშვილმა თქვა, რომ ქვეყნის პრემიერი გერმანიაში მისმა კომპანიამ, სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანა. გაიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ თვითმფრინავი პრემიერის გასაფრენად სახელმწიფო დაცვის სამსახურმა შეუკვეთა.

მანამდე კი, მთავრობის მეთაურის აშშ-ში კერძო ვიზიტის შესახებ 7 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, ნინო გიორგობიანი, აცხადებდა, რომ პრემიერი აგვისტოში აშშ-ში შვილთან ერთად ჩარტერული რეისით გაემგზავრა. გიორგობიანის მტკიცებით, ხარჯი ბიუჯეტიდან არ გაწეულა.

მოგვიანებით კი სტრატკომმა ღარიბაშვილის აშშ-ში ჩასვლასთან დაკავშირებით მეორე განცხადებაც გაავრცელა და აღნიშნა, რომ ღარიბაშვილი ჩარტერით ევროპაში ჩავიდა, იქიდან ამერიკაში კი რეგულარული რეისით.

ამავე თემაზე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი