
პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია, ოპოზიციის მიერ პრემიერმინისტრის წინააღმდეგ იმპიჩმენტის დაწყებას ეხმაურება და აცხადებს, რომ სინამდვილეში, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ევროპულ მომავალს უწყობს იმპიჩმენტს.
"ოქტომბრის ბოლოს საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე შეფასებას ელოდება. ამასობაში, ხელისუფლებას პრეზიდენტის იმპიჩმენტი უნდა, ოპოზიცია პრემიერის იმპიჩმენტს ითხოვს. სინამდვილეში, ბიძინა საქართველოს ევროპულ მომავალს უწყობს იმპიჩმენტს. მადლობა ბიძინას “მშვიდობისთვის," - წერს გახარია.
მისი პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ვკითხულობთ, რომ "ოცნების" ელიტური კორუფციის მორიგ მძიმე ფაქტს ეხმიანებიან და პროკურატურას მოუწოდებენ, პრემიერის მიერ ჩადენილ შესაძლო კორუფციული გამოიძიონ.
"მომხდარი კიდევ ერთი ნათელი დასტურია, რატომ თქვა უარი ხელისუფლებამ რეალურად დამოუკიდებელი ანტი-კორუფციული ბიუროს შექმნაზე. ოცნებამ მოსპო ყველა არსებული ბერკეტი, რათა თავისუფლად გაეგრძელებინა კორუფციული საქმიანობა, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პროცესში.
მოქმედი სისტემის პირობებში, კორუფციის გამოძიება პროკურატურის მანდატია. მივმართავთ საქართველოს პროკურატურას დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება პრემიერ-მინისტრის მიერ ჩადენილ შესაძლო კორუფციულ დანაშაულზე და საზოგადოებას უმოკლეს ვადაში მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია. გამოძიების დაწყებაზე უარი კიდევ ერთხელ იქნება აღქმული, როგორც ხელისუფლებისადმი მორჩილება და ოცნების ინტერესების გატარება, რაც კიდევ ერთხელ გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს მართლმსაჯულების სისტემას, რომლის დამოუკიდებლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.
მომხდარს ობიექტური გამოძიებით დადასტურება-უარყოფა სჭირდება, რაც პროკურატურის კომპეტენციაა და არა მთავრობის ცალკეული სტრუქტურული დანაყოფების.
ასევე, ჩვენი გუნდი უახლოეს დღეებში პარლამენტში წარადგენს ინიციატივას, რომლითაც გაფართოვდება
სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების ნათესავების წრე, რომელთაც თავიანთი ქონების წარმომავლობის დასაბუთება მოუწევთ.
არსებული კანონმდებლობა საშუალებას აძლევს კორუფციაში ჩართულ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს, გადამალონ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება საკუთარ ნათესავებზე ქონების ფიქტიურად გადაფორმების გზით.
პარტია „საქართველოსთვის“ დღესაც და მომავალშიც გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს ელიტური/პოლიტიკური კორუფციის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლისთვის.
პასუხისმგებლობას ხალხის ფულის მოპარვისთვის ვერავინ გაექცევა. დღეს, ქმედითი სისტემის არ არსებობის პირობებში, ხელისუფლება ცდილობს, რაც შეიძლება მეტი მოასწროს და დააგროვოს, ხოლო ნაცმოძრაობა, ხელისუფლების მფარველობით, ცდილობს მის კორუფციულ დანაშაულებზე პასუხისმგებლობას გაექცეს. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევის ჩვენს მიერ დაწყებული პროცესი და მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირება უზრუნველყოფს, რომ კორუფციისთვის პასუხი ყველამ აგოს და დანაშაულებრივი გზით, როგორც ნაცმოძრაობის, ისე ოცნების მიერ მოპოვებული ქონება დაუბრუნდეს ხალხს," - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
ცნობისთვის, 7 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა განაცხადა, რომ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოში აშშ-ში შვილთან ერთად ჩარტერული რეისით გაემგზავრა. თუმცა, მისი მტკიცებით, ხარჯი ბიუჯეტიდან არ გაწეულა.
მოგვიანებით სტრატკომმა ღარიბაშვილის აშშ-ში ჩასვლასთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ღარიბაშვილი ჩარტერით ევროპაში ჩავიდა, იქიდან ამერიკაში კი რეგულარული რეისით.
გუშინ, 9 სექტემბერს კი, TV პირველის ეთერში სიუჟეტი გავიდა, სადაც Georgian Airways-ის დამფუძნებელმა, თამაზ გაიაშვილმა თქვა, რომ ქვეყნის პრემიერი გერმანიაში მისმა კომპანიამ, სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანა. გაიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ თვითმფრინავი პრემიერის გასაფრენად სახელმწიფო დაცვის სამსახურმა შეუკვეთა.
ამის პარალელურად, მთავრობის სტრატკომი კვლავ ამტკიცებს, რომ ღარიბაშვილის მგზავრობის ხარჯი ბიუჯეტიდან არ გაწეულა და რეისი კომერციული იყო.