პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პრემიერმინისტრის წინააღმდეგ შესაძლო იმპიჩმენტის პროცესის დაწყებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპოზიციას ამის არანაირი საფუძველი არ აქვთ.
პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში ვიზიტისას ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ დახარჯულა.
"არანაირი საფუძველი [პრემიერის] იმპიჩმენტის პროცესის დაწყების არ აქვთ, თუ არადა აქ არიან. ჩამოაყალიბონ ერთი რომელ საფუძველს ეყრდნობიან. ითქვა ხაზგასმით, რომ არცერთი თეთრი საბიუჯეტო თანხისა არ დახარჯულა და იყო სრულად დაფარული ეს ხარჯები პრემიერის მიერ.
საქართველოს პარლამენტის სახელით საბიუჯეტო თანხების ხარჯვას აკონტროლებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც ასეთ საკითხებს სწავლობს. იქნება ეს გეგმური თუ არაგეგმური აუდიტის მეშვეობით და ა.შ. სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან დაკავშირებით პარლამენტი იღებს ხოლმე მონაცემებს," - თქვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით პრემიერის წინააღმდეგ იმპიჩმენტის დაწყების ინიციატივით პარტია "ლელო" გამოვიდა. როგორც პარტიის წევრმა, ლევან სამუშიამ გუშინ, 10 სექტემბერს, განაცხადა, ირაკლი ღარიბაშვილმა სავარაუდო დანაშაული ჩაიდინა და სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა.