გაქვთ უფლება იფიქროთ ნებისმიერ კანდიდატზე, იოცნებოთ ერთპარტიულ გამარჯვებაზე - უგულავა ენმ-ს

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" მიმართავს და ამბობს, რომ მათ აქვთ უფლება, პრემიერმინისტრად ის დააყენონ, ვინც უნდათ, მათ შორის საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. 

ამ თემას უგულავა საკუთარ Facebook-ზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კოლეგა პოლიტიკოსების აღშფოთება "უსაგნო და უსამართლო" ჰგონია.

თქვენ გაქვთ უფლება დააყენოთ პრემიერობის კანდიდატად ვინც გნებავთ, მათ შორის მ. სააკაშვილი. თქვენ გაქვთ უფლება ისაუბროთ, იოცნებოთ, "ერთპარტიულ გამარჯვებაზე" (მ. სააკაშვილი). იმის უფლებაც გაქვთ, ამის გამო ჩაშალოთ ერთიან მაჟორიტარებზე კონსულტაციები, გაყოთ ოპოზიციის ხმები, მხოლოდ იმიტომ რომ მეორე ტურში ბევრი ხუთიანი გავიდეს და ამით პარლამენტში 76 ნაციონალის მოხვედრაზე იოცნებოთ, რომ შემდეგ მიშა კოალიციის გარეშე აიღჩიოთ პრემიერად. დიახ, გაქვთ უფლება თქვათ ენმ-ს გამარჯვება მიშა სააკაშვილის მესამე ვადას ნიშნავს. ეს თქვენი უფლებაა. ჩვენი, ევროპულ საქართველოს, და ასევე სხვა ოპოზიციის, უფლება და მოვალეობაა რომ განგიმარტოთ- ივანიშვილის ერთპიროვნულ და ერთპარტიულ მმართველობას, არა ენმ-ს და სააკაშვილის ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა, არამედ ევროპული კოალიცია ჩაანაცვლებს, - წერს გიგი უგულავა.

უგულავას თქმით, ენმ-ს მხარდაჭერა მიხეილ სააკაშვილის მესამე ვადას ნიშნვს, "ევროპული საქართველოს" მხარდაჭერა კი ევროპული კოალიციის პირველ ვადას.

ოპოზიციაში განხეთქილება მას შემდეგ დაიწყო, რაც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, კოალიციური მთავრობის შემთხვევაში ყოფილი თანაგუნდელები, მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი მინისტრთა კაბინეტში არ იქნებიან, მათ შორის, არც პრემიერმინისტრად.

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ეს განცხადება თავდასხმად შეაფასა. მათი თქმით, ოპოზიციის მხრიდან მსგავსი განცხადებები მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს ინტერესებში შედის და თუ კოალიცია ენმ-სთან არ გაქვს, ეს ნიშნავს, რომ კოალიცია "ქართულ ოცნებასთან" გაქვს.

დავით ბაქრაძის მოულოდნელი განცხადების შემდეგ "ევროპულ საქართველოში" დამატებითი განმარტებები გაკეთდაპარტიაში აზუსტებენ, რომ ახლა კოალიციური მთავრობის დაკომპლექტებაზე და პრემიერ მინისტრის სავარძელზე საუბარი ნაადრევია, თუმცა პირველი პირის სავარძელში კოალიციური ხელისუფლებისთვის კომპრომისული ფიგურას მოიაზრებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი