რუმინეთში უკრაინის საზღვრიდან 14 კმ-ში დრონის ახალი ფრაგმენტები აღმოაჩინეს. ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ტერიტორია, სადაც ნამსხვრევები იპოვეს, იზმაილის პორტიდან 20 კმ-ის მანძილზეა.
"რუმინეთის საჰაერო ძალების IAR 330 Puma ვერტმფრენის ეკიპაჟმა 13 სექტემბერს ნუფარულისა და ვიქტორიას დასახლებების მიდამოებში, ტულჩეას საგრაფოში, დრონის ფრაგმენტები აღმოაჩინა", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
პროცედურების მიხედვით, წინასწარი საველე კვლევებისა და ნიმუშების შეფასებისთვის ადგილზე საჰაერო ძალების ვერტმფრენი გაგზავნეს.
დღეს, 13 სექტემბერს, ტულჩეაში მოქმედმა საგანგებო სიტუაციების სამსახურმა მიიღო ორი ზარი, რომელთა თანახმად, გარკვეული ობიექტები ჩამოვარდა ნუფარულას რაიონში. ზარალის ან ხანძრის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
"თავდაცვის სამინისტრო მკაცრად გმობს რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმებს უკრაინის პორტებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე. ეს თავდასხმები გაუმართლებელია და ეწინააღმდეგება საერთაშორისო ჰუმანიტარულ ნორმებს", - ნათქვამია რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ეს ნატოს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატების ნაწილების აღმოჩენის პირველი შემთხვევა არ არის. 9 სექტემბერს რუმინელმა სამხედროებმა უკრაინის საზღვართან, სოფელ პლაურუსთან სავარაუდოდ რუსული უპილოტო საფრენი აპარატის ახალი ფრაგმენტები აღმოაჩინეს. 6 სექტემბერს რუმინეთმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ რუსული დრონის ნაწილები მათ ტერიტორიაზე ჩამოვარდა.