EU-ში ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე ე.წ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მიიღეს - მთავრობა

გამოქვეყნდა:

საქართველოს მთავრობს ინფორმაციით, პრემიერ ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 68-ე სხდომა გაიმართა, სადაც დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მიიღეს:

"მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე კომისიის წევრებმა  საქართველოში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან არიდების, ე.წ. დეოლიგარქიზაციის  სამოქმედო გეგმა მიიღეს, რომელიც შემუშავებულია ვენეციის კომისიისა და ევროკავშირის რეკომენდაციების საფუძველზე.

 დოკუმენტი მოიცავს საქართველოს კანონმდებლობაში ე.წ. სისტემური მიდგომით განსახორციელებელი ცვლილებების პაკეტს, სადაც  კონკრეტული ვადებია გაწერილი შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მისაღებად.

 დოკუმენტი მოიცავს 7 სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის: ანტიკორუფციულ და ანტიმონოპოლიურ მიმართულებებს, ფულის გათეთრებისა და მედია პლურალიზმის საკითხებს, ასევე -  მართლმსაჯულებაში განსახორციელებელ ღონისძიებებს.

 დოკუმენტის მიღების შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაეწია რეკომენდაცია, გააგრძელოს დამატებითი კონსულტაციები ევროპელ პარტნიორებთან.

 მთავრობის მიერ დოკუმენტის მიღების შემდეგ, სამუშაო პროცესი საქართველოს პარლამენტში გადაინაცვლებს." ნათქვამია მთავრობის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, 12 ივნისს ვენეციის კომისიამ დეოლიგარქიზაციის შესახებ საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა და კანონის მიღებას რეკომენდაცია არ გაუწია.

დასკვნაში ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ  სისტემური მიდგომის ნაცვლად [რაც ინსტიტუციურ გაძლიერებას გულისხმობს], საქართველოს მთავრობამ აირჩია „პერსონალური მიდგომა“ და მისი „პოტენციური პოლიტიკური ბოროტად გამოყენება“ საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობასა და პოლიტიკურ პლურალიზმს. 

დეოლიგარქიზაცია ევროკომისიის 12 პუნქტის ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომელიც კომისიამ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაავალა. მმართველი გუნდი ევროკომისიას ულტიმატუმს უყენებს და ამბობს, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს არ მიიღებენ, თუ ევროკომისია ამ პუნქტს რეკომენდაციებიდან ამოიღებს.

ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ დეოლიგარქიზაციის კანონზე, ვენეციისა და ევროკომისიის მოსაზრებებში წინააღმდეგობაა.

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი