"საკუთარი აქტივების გამოყენების შესაძლებლობა ნებისმიერ პირს აქვს" | ხუციშვილი ვერ ამბობს, აღსრულდება თუ არა ფარცხალაძის სანქციები

გამოქვეყნდა:

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი ვერ ამბობს, მოხდება თუ არა სანქციების აღსრულება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის შემთხვევაში. 

ლაშა ხუციშვილი ამბობს, რომ საქართველო ყველა საერთაშორისო სანქციას ასრულებს, თუმცა არ განმარტავს რას გულისხმობს სანქციების აღსრულება. მინისტრი ასევე ვერ ამბობს, შეეზღუდება თუ არა ფარცხალაძეს აქტივების გამოყენების უფლება და დასძენს, რომ "საკუთარი აქტივების გამოყენების შესაძლებლობა ნებისმიერ პირს აქვს". 

"ბუნებრივია, საკუთარი აქტივების გამოყენების შესაძლებლობა ნებისმიერ პირს აქვს, მათ შორის ისეთ ქვეყნებში, სადაც ასეთი ტიპის სანქცირება ხდება. უშუალოდ ის პირი ამ აქტივებს თავისი საჭიროებებისთვის იყენებს, გარკვეულწილად საერთაშორისო გადარიცხვების შემთხვევაში ასეთი ტიპის შეზღუდვები მოქმედებს საფინანსო სექტორში. თქვენ იცით, რომ საფინანსო სექტორი ამას მიერთებულია და ბუნებრივია გარკვეული ტიპის შეზღუდვები და რეგულაციები ამასთან მოქმედებს. შესაბამისად, საფინანსო ინსტიტუტები ასრულებენ ამას იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს მის მანდატში შედის", - ამბობს ხუციშვილი.

ხუციშვილის თქმით, ვერცერთი სახელმწიფო ვერ აგებს პასუხს მისი ცალკეული მოქალაქის კონკრეტულ ქმედებაზე.

"მოგახსენებთ, რომ საქართველოს პოლიტიკა ყველასთვის არის ცნობილი სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით. საქართველოს პოლიტიკა არის ის, რომ საქართველო ასრულებს ჩვენი პარტნიორების მიერ დაწესებულ სანქციებს და ამის აღსრულება ხდება ეფექტურად. 

საქართველო ასრულებდა აქამდე საერთაშორისოდ დაწესებულ სანქციებს და ასე გაგრძელდება მომავალშიც. რაც შეეხება უშუალოდ სახელმწიფოსთან დაკავშირებას ნებისმიერი პირის, ვინც არის ან იქნება სანქცირებული, ბუნებრივია ასეთი ტიპის დაკავშირება არის მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაცია და იქიდან გამომდინარე, რომ არცერთი სახელმწიფო მსოფლიოში არ არის და ვერ იქნება ნებისმიერი პირის ქმედებაზე. ძალიან ბევრი მაგალითი არის იმის, რომ თვითონ იმ ქვეყნებში, ვისაც დაწესებული აქვს სანქციები - მათ შორის, ევროკავშირის წევრი ქვეყანა, აშშ, დიდი ბრიტანეთი - ძალიან ბევრი ამ ქვეყნის მოქალაქე არის თვითონ სანქცირებული ამა თუ იმ იურისდიქციის მიერ. ეს იქნება ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები თუ სხვა ქვეყანა. 

ბუნებრივია, ამ ნაწილში სახელმწიფო ვერ გასცემს პასუხს ყველა იმ პირის ქმედებაზე, რომელიც შეიძლება იყოს ამ ქვეყნის მოქალაქე. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ სანქციების აღსრულება ამ ქვეყანაში ხდება და სანქციების გვერდის ავლა საქართველოს მეშვეობით არ ხორციელდება", - ამბობს ლაშა ხუციშვილი. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი