ჩრდილოეთ კორეას შეუძლია გააძლიეროს რუსეთისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალის მიწოდება უკრაინაში ომისთვის, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ ექნება - ამბობს შეერთებული შტატების არმიის გენერალი მარკ მილი.
მისი თქმით, რუსეთში გამართულ შეხვედრაზე კიმ ჩენ ინი და პუტინი სავარაუდოდ, რუსეთისთვის საბჭოთა დროინდელი 152-მმ საარტილერიო ჭურვების მიწოდებაზე შეთანხმდნენ, თუმცა ამერიკელი გენერლის თქმით, ჯერ უცნობია რამდენი იქნება ეს დახმარება, ან რამდენად მალე.
„ექნება ამას დიდი მნიშვნელობა? მე სკეპტიკურად ვარ განწყობილი", - განუცხადა მილიმ ჟურნალისტებს.
მან თქვა, რომ არ სურს შეამციროს იარაღით დახმარების მნიშვნელობა, თუმცა აღნიშნა - „მეეჭვება, რომ ეს გადამწყვეტი იყოს“ [უკრაინასთან ომში]
შეგახსენებთ, გასულ კვირას ჩრდილოეთ კორეის ლიდერი რუსეთში ჩავიდა და "ვოსტოჩნის" კოსმოდრომზე პუტინს შეხვდა. რამდენიმესაათიანი დახურული მოლაპარაკებების ოფიციალური შედეგები ჯერჯერობით უცნობია.