თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის მეხსიერების ბარათი, ე.წ. ფლეშკა დაკარგულია - ამის შესახებ ჟურნალისტი გიორგი კაპანაძე გადაცემა "მთავარი აქცენტებში" საუბრობს და ამბობს, რომ მეხსიერების ბარათი თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის მნიშვნელოვანი დეტალია.
მისივე თქმით, მეხსიერების ბარათი სავარაუდოდ იმ კომპიუტერთან ერთად იყო, რომელიც პოლიციამ ბაჩალიაშვილის სახლიდან ამოიღო.
დაკაგულია დღემდე თამარ ბაჩალიაშვილის მეხსიერების ბარათი (ფლეშკა), რომელიც დიდი ალბათობით თან ახლდა იმ კომპიუტერს, რომელიც ჯერ კიდევ მანქანის პოვნამდე ამოიღო ბაჩალიაშვილის სახლიდან პოლიციამ - ამბობს კაპანაძე.
ფლეშკის არსებობას გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილიც ადასტურებს. მისი თქმით, თამარს სულ ორი მეხსიერების ბარათი ჰქონდა - "გასაღებზე ატარებდა ერთ "ფლეშკას" და მეორე "ფლეშკა" კომპიუტერს ეკეთა"- იხსენებს თეონა თამაზშვილი, თუმცა ამბობს, რომ შემთხვევის შემდეგ გასაღები აღარ უნახავს.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის ახალგაზრდა თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.
25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.