დეა კაპანაძე თავის ჩვენებებში წერს, რომ თამარ ბაჩალიაშვილს თვითმკვლელობის მცდელობა სკოლის ასაკშიც ჰონდა - ამის შესახებ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი გადაცემა "მთავარ აქცენტებში" საუბრობს.
ყველა ჩვენებაში დეა კაპანაძე წერს, რომ თამარ ბაჩალიაშვილს, სკოლის ასაკში რამდენჯერმე ჰქონდა ამდაგვარი ქმედება - ამბობს მიხეილ რამიშვილი.
გარდაცვლილის დედა, თეონა თამაზაშვილი კი ამბობს, რომ დეა კაპანაძეს პირველ ჩვენებაში თვითმკვლელობაზე არაფერი აქვს ნათქვამი, რაც შეეხება მომდევნო ჩვენებებს, სადაც უკვე სუიციდზე ჩნდება ჩანაწერი, დედა ვარაუდობს, რომ ეს გამოძიების ზეწოლის შედეგია.
"მცდელობა ჰქონდა და მე არ ვიცოდი? მე არაფერი არ ვიცი. სიმართლეს არანაირად არ შეესაბამება" - ამბობს თამაზაშვილი.
გარდაცვლილის დედა გამოძიებისთვის, დეა კაპანაძის მიერ მიცემულ განსხვავებულ ჩვენებებზე საუბრობს:
"პირველ ჩვენებაში უწერია, რომ კლასელმა უთხრა, მეორე ჩვენებაში უწერია, რომ კლასელმა კი არა თამუნამ მითხრაო".
თეონა თამაზაშვილი ასევე საუბრობს, დეას მიერ შეცვლილ კიდევ ერთ ინფორმაციაზე. მისი თქმით, დეამ მას უთხრა, რომ თამარს 2 დღე არ უნდა დაკონტაქტებოდა, ჟურნალისტ ელისო კილაძის ვიდეოჩანაწერში კი 10 დღეს ასახელებს.
დეას, რომ დავურეკე თამუნა შენთან ხომ არ არის მეთქი - არაო, თამუნამ ასე მითხრა, რომ ბევრი საქმე მაქვს და 2 დღე არ დამეკონტაქტოო და მერე ელისო კილაძის ჩანაწერებში ამბობს, რომ 10 დღეო - ამბობს თამაზაშვილი.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის ახალგაზრდა თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.
25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.