სებ-ს რომ ფარცხალაძისთვის ანგარიშები არ გაეყინა, მოხდებოდა საქართველოს საბანკო სისტემის კოლაფსი - ოპოზიციის პასუხი კობახიძის სებ-ზე თავდასხმას

გამოქვეყნდა:

რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირში მხილებული და აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის საბანკო ანგარიშები საქართველოში გაყინულია. როგორც გუშინ, 18 სექტემბერს, ეროვნულმა ბანკმა, განაცხადა, ქართულმა ბანკებმა ყოფილ მთავარ პროკურორს ყველა ანგარიში გაუყინეს და გადარიცხვები შეუჩერეს. 

ეს უნივერსალური საერთაშორისო სანქციაა, რომელთან არ მიერთების შემთხვევაში საქართველო  გლობალური საფინანსო სისტემის მიღმა დარჩება და ფინანსური შავი ხვრელის სტატუსს გაიფორმებს.
ამის მიუხედავად, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამჯერად ეროვნული ბანკის მენეჯმენტს ემუქრება, კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს და მტკიცებულებებს ითხოვს.

კობახიძე ამ იერიშით დარტყმის ქვეშ აყენებს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას, კონსტიტუციის მოთხოვნებს და მთელ ქართულ საბანკო სისტემასა თუ საქართველოს მოქალაქეებს რუსული იზოლაციონიზმისთვის წირავს. ოპოზიციის თქმით,  კობახიძის ამ განცხადებით დასტურდება, რომ ფარცხალაძე, ერთი "ეფესბეს" აგენტი, უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე საქართველოს მოქალაქეები.

"ეს განცხადება ნიშნავს, რომ ირაკლი კობახიძემ ჯაშუში ფარცხალაძე უფრო მაღლა დააყენა, ვიდრე საქართველოს მოქალაქეები. თუ ქართული ფინანსური სისტემა ამერიკის მიერ სანქცირებულ პირებს მოემსახურება, საფრთხის წინაშე დგება [რომ დასანქცირდეს] მთელი ქართული ფინანსური სექტორი, რაც ნიშნავს ქვეყანაში ეკონომიკურ გაუბედურებას, ჩვენს დეფოლტს, გაღარიბებას, ჩვენ არ გვექნება წვდომა საერთაშორისო ფინანსურ სისტემასთან,"- ამბობს სტრატეგია აღმაშენებლის თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე. 

"ევროოპტიმისტების" თავმჯდომარე რომან გოცირიძე კი აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება ეროვნულ ბანკს რომ არ მიეღო, საქართველოს საბანკო სისტემის კოლაფსი გარდაუვალი იქნებოდა:

"ეროვნულ ბანკს რომ არ მიეღო ეს გადაწყვეტილება, მოხდებოდა საქართველოს საბანკო სისტემის კოლაფსი. არცერთი საერთაშორისო დასავლეთის ბანკი საქართველოს ბანკებთან ურთიერთობას არ იქონიებდა. შეწყდებოდა ანგარიშსწორება. 1 მილიონი ჩვენი მოქალაქე უცხოეთიდან ვერ გადმორიცხავდა საქართველოში ფულს. კომერციული ბანკები დადგებოდა გაკოტრების პირას და, რა თქმა უნდა, ეს იქნებოდა კატასტროფული შედეგის მომტანი ქართული ბიზნესისათვის. ამიტომ, ეროვნულ ბანკზე პოლიტიკური ზეწოლა და მსგავსი განცხადებები არის არათუ უპასუხისმგებლობა, არამედ დანაშაულებრივი, ვინაიდან, რისკის ქვეშ აყენებს ქვეყნის სტაბილურობას," - ამბობს გოცირიძე.

"მთავარი არხი" ესაუბრა ფინანსისტებსა და ეკონომისტებსაც, რომლებიც აღნიშნავენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ირაკლი კობახიძემ თუ "ქართულმა ოცნებამ" ეროვნულ ბანკზე გალაშქრება სცადა, რადგან ის მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი უწყებაა და მასზე სრული კონტროლის დამყარება სურს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი