ფარცხალაძე საქართველოს მოქალაქეა, როგორც ვიცი იუსტიციას დაწყებული აქვს ამ საკითხის შესწავლა - კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მოქალაქეა. მისივე თქმით, არ აქვს ინფორმაცია რუსეთის მოქალაქეცაა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, თუ არა.

მანამდე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მასთან ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობაზე არანაირი დოკუმენტი არ გადაგზავნილა.

"საქართველოს მოქალაქეობაც აქვს და შეიძლება სხვაც აქვს, მაგრამ საქართველოს მოქალაქეა. დღემდე ოთარ ფარცხალაძე არის საქართველოს მოქალაქე, [რუსეთის მოქალაქე არის?] მე არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ არის საქართველოს მოქალაქე", - თქვა კობახიძემ. 

ჟურნალისტის კითხვაზე, ამ მხრივ ხომ არ ირღვევა კონსტიტუცია, კობახიძემ უპასუხა, რომ ყველაფერი შეიძლება იყოს შესწავლილი. 

"მე როგორც ვიცი იუსტიციის სამინისტროსაც აქვს დაწყებული ამ საკითხის შესწავლა, მოქალაქეობის საკითხის შესწავლა, ეს არის ცალკე თემა, მაგრამ, ვიდრე პირი არის საქართველოს მოქალაქე, მასზე ვერ გავრცელდება იგივე ის რეჟიმი, რაც შეიძლება გავრცელდეს არამოქალაქეზე", - თქვა კობახიძემ.

კობახიძემ თქვა, რომ თუ პირი ხდება სხვა ქვეყნის მოქალაქე, ისე, რომ ქართულ უწყებებს საქმის კურსში არ აყენებს, ამ შემთხვევაში საქმის შესწავლა იწყება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი