"ქართული ოცნების" დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე ადასტურებს, რომ რუსი ბიზნესმენი მამუკა ფიფია საქართველოს პარლამენტში მან შეიყვანა. ჩიგოგიძის თქმით, ფიფიას 15 წელია იცნობს. მისივე თქმით, პარლამენტში შეყვანა თავად ფიფიამ სთხოვა და მასთან ბიზნესთან დაკავშირებული საქმე ჰქონდა.
„მამუკა ფიფიას ვიცნობ წლებია. დიდი ხანია, ნანახი არ მყავდა. ბოლო წლებია, ორჯერ იყო ჩამოსული და ვერ მოვახერხე შეხვედრა. მთხოვა შეხვედრა, დაემთხვა, რომ სესია მქონდა 6 საათზე, კენჭისყრები გვქონდა და მაგ დროს იყო მოსული. თანაშემწეს ვთხოვე, დაეშვა საშვი, ავიდა ჩემს ოთახში, გაისტუმრა ჩვეულებრივად. მე ფიზიკურად ვერ მოვახერხე ასვლა, გაგრძელდა კენჭისყრები. ვთხოვე, დამიცადე და ამოვალ-მეთქი. ერთი საათი ვერ მოვახერხე ასვლა. გავიგე, რომ სურათი გადაუღია, ჩემ სკამზე დამჯდარა. შეიძლება უნდა, ამ პარლამენტის წევრი გახდეს. ან უხარია სურათის გადაღება. განცვიფრებული ვარ. არ ვიცი, რას ემსახურება ეს“, - თქვა ჩიგოგიძემ.
გავრილოვის მეგობარი ფიფია რომ საქართველოს პარლამენტში ვასილ ჩიგოგიძემ შეიყვანა, განცხადება "ქართული ოცნების" ერთერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა. მისივე თქმით, "ვასიკოც გაბრაზებულია", რომ ფიფიამ პარლამენტიდან ფოტო დადო.
"ვასილ ჩიგოგიძემ დაუშვა საშვი, შემოიყვანა და უთხრა, რომ დალოდებოდა მის ოთახში. მაშინ აქვს, როგორც ჩანს, ეგ ფოტო გადაღებული", - თქვა მდინარაძემ.
სერგეი გავრილოვის მეგობარი რუსი ბიზნესმენი, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში იმყოფებოდა. მან გუშინ სოციალურ ქსელში ფოტოები გამოაქვეყნა და ისიც აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილმა თანამდებობა უნდა დატოვოს იქამდე, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო მისი იმპიჩმენტის საქმეზე გადაწყვეტილებას მიიღებს.