"ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, ბათილად გამოცხადდეს ერთპიროვნული გადაწყვეტილება" | პრეზიდენტის საგანგებო განცხადება

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეროვნული ბანკის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს, ბანკის მიერ ფარცხალაძისთვის გამონაკლისის დაშვებასა და მისთვის საბანკო ანგარიშებზე წვდომის აღდგენას საგანგებო ბრიფინგით ეხმაურება. 

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ "საბჭოს გადაწყვეტილებით შესაძლებელი და აუცილებელია, რომ ბათილად გამოცხადდეს ერთპიროვნული გადაწყვეტილება".

საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის ერთ-ერთი გარანტია და ეკონომიკის მდგრადობის ქვაკუთხედი, ეს ყველამ ვიცით. მთავარი პრინციპი რომელსაც ეფუძნება ეროვნული ბანკის საქმიანობა და მისი დამოუკიდებლობაა. ესეც ყველამ ვიცით. ეს პრინციპი ამიტომაც დამოკიდებულია კონსტიტუციის 68-ე მუხლით. 

ამდენად, მე ვთვლი პირადად, როგორც პრეზიდენტი და კონსტიტუციის გარანტი, რომ ჩემი მოვალეობაა სწორედ, რომ დავიცვა სებ-ის დამოუკიდებლობაა. 

სრულიად მიუღებელი იყო ირაკლი კობახიძის საჯარო გამოსვლა ანუ ღია მუქარა, რომელიც გაჟღერდა გუშინ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მიმართ. კიდევ უფრო მიუღებელი იყო, ერთგვარად მიუღებელი, ერთ დონეზე ის ფაქტი, რომ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დაემორჩილა ეროვნული ბანკის მიმართ ამდაგვარ მუქარას და მისი დამოუკიდებლობის ხელშეხებას. ეს მიმაჩნია ერთდროულად მიუღებელი ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგება ყველა პრინციპს და უღირსი საქციელი. 

ეს იყო ასევე ერთპიროვნული გადაწყვეტილება, საბჭოს ყველა წევრის, ვიცე-პრეზიდენტების, როგორც ჩვეულებრივი წევრების გვერდისავლით, არც კონსულტაცია არ ჩატარებულა,არც მათი წინასწარ გაფრთხილება-ინფორმირება. ამას ადასტურებს დღევანდელი გადადგომების მთელი რიგი, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

დღესვე, მან თქვა, რომ ნათია თურნავას კანდიდატურის წარდგენის გამო ბოდიშს იხდის და ნანობს - პრეზიდენტი თვლის, რომ თურნავა უნდა გადადგეს. 

პირადად ჩემს მიერ წარდგენილ კანდიდატს, ქალბატონი ნათია თურნავა, მე უნდა ვთქვა, რომ ძალიან ვნანობ ჩემს პირად გადაწყვეტილებას და თუნდაც ბოდიშს ვიხდი ამ ყველაფრისთვის. მას რომ არ გადაედო უვადოდ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა, რომელიც უნდა შემდგარიყო მას პირადად მოვახსენებდი ამ ჩემს მოსაზრებებს, თუ რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯები. 

პირველ რიგში, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, რომელმაც ვერ დაიცვა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და პირიქით ამ პრინციპს თავად ზიანი მიაყენა, უნდა გადადგეს. დროა ასევე რომ საბჭომ აიღოს პასუხისმგებლობა და განახორციელოს საკუთარი ზედამხედველობის ფუნქცია, საბჭოს გადაწყვეტილებით, კოლექტიური გადაწყვეტილებით, შესაძლებელია და აუცილებელია რომ ბათილად გამოცხადდეს ერთპიროვნული გადაწყვეტილება.

ეს შესაძლებელია, მიუხედავად სამივე ვიცე-პრეზიდენტის გადადგომის, რადგან მათ გააჩნიათ კიდევ ორი თვის მანძილზე ვადა, რათა მათი უფლებამოსილება გაგრძელდეს. გადადგომის ვადა არის ორი თვის შემდეგ, საბჭო სრულიად ფუნქციონირებს და შეუძლია მიიღოს ყველანაირი გადაწყვეტილება. ეს არის ის ნაბიჯები, რაც სასწრაფოდ გადასადგმელია რათა უფრო სერიოზული რეპუტაციული ზიანი არ მიადგეს ქვეყანას, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, ნათია თურნავას კანდიდატურა სებ-ის  საბჭოს წევრობის კანდიდატად, სწორედ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა წარადგინა. ეროვნული ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტად თურნავა 22 ივნისს აირჩიეს.

შეგახსენებთ, ეროვნული ბანკი დღეს სამმა ვიცე-პრეზიდენტმა დატოვა. გადადგა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი ბაქრაძეც. 

გადაწყვეტილების მიზეზი, სანქცირებული ოთარ ფარცხალაძისთვის, საბანკო ანგარიშებზე წვდომის აღდგენა გახდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი