"ვიცავთ მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს, საერთაშორისო საბანკო შეზღუდვებს და ბანკის შიდა პოლიტიკებით გათვალისწინებულ წესებს", - ამის შესახებ "ბანკი ქართუს" განცხადებაშია ნათქვამი, თუმცა ბანკი არ აკონკრეტებს, რომელი წესს გამოიყენებს ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით, თუ ამის საჭიროება გაჩნდება.
"კლიენტების მომსახურებისას სს „ბანკი ქართუ“ იცავდა და მომავალშიც შეასრულებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს, საერთაშორისო საბანკო შეზღუდვებს და ბანკის შიდა პოლიტიკებით გათვალისწინებულ წესებს.
ამასთან, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან აფილირებული პირების მხრიდან ვრცელდება უპასუხისმგებლო განცხადებები, თითქოს აშშ-ს სანქციების გამოქვეყნების შემდეგ ო. ფარცხალაძის მიერ ბანკ ქართუში განხორციელდა საბანკო ოპერაციები, რაც წარმოადგენს მტკნარ სიცრუეს და არ შეესაბამება სიმართლეს. ეს უპასუხისმგებლო განცხადებები მიზნად ისახავს ბანკი ქართუს დისკრედიტაციას და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგ მცდელობას. შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირებს შეუძლიათ ბანკ ქართუში მარტივად გადაამოწმონ ამ განცხადებების სიცრუე"- ნათქვამია ბანკის განცხადებაში.
19 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა სანქციების აღსრულების წესში გამონაკლისი შეიტანა, ოთარ ფარცხალაძისთვის გამონაკლისი დაუშვა და საერთაშორისო სანქციების დაწესების მიუხედავად, მას ანგარიშებზე წვდომა აღუდგინა. გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ, პრაქტიკულად ყველა სხვილმა ბანკმა გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ ისინი საერთაშორისო სანქციების რეჟიმის დაცვას გააგრძელებენ.