საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ოთარ ფარცხალაძის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვასთან დაკავშირებით მოკვლევა დაწყებულია.
უწყების ცნობით, მოკვლევის დასრულებისთანავე ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტაზე სააგენტოს დასკვნა, პრეზიდენტს უმოკლეს ვადაში გადაეგზავნება.
"საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვავრცელებთ ინფორმაციას, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დაწყებულია წარმოება ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვასთან დაკავშირებით. შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდგომ სააგენტოს დასკვნა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე უმოკლეს ვადაში გადაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს", - ვკითხულობთ იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ოთარ ფარცხალაძე აშშ-მ 14 სექტემბერს დაასანქცირა. 19 სექტემბერს კი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციების აღსრულების წესში გამონაკლისი შეიტანა და ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა აღუდგინა.
მის ეროვნული ბანკის ამ გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა როგორც საზოგადოებაში, ასევე ეროვნულ ბანკში. დღეს ბანკი სამმა ვიცე-პრეზიდენტმა დატოვა. თანამდებობა დატოვა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა, გიორგი ბაქრაძემაც.
18 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ადმინისტრაციაში ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობაზე არანაირი დოკუმენტი გადაგზავნილი არ ყოფილა.
შეგახსენებთ, ოთარ ფარცხალაძეს, რომელიც აშშ-მ დაასანქცირა რუსეთის მოქალაქეობა აქვს.