გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი დღეს, 17 აგვისტოს გენერალურ პროკურატურაში მორიგ შეხვედრას გამართავს. შეხვედრა ზუსტად 3 საათში დაიწყება. პროკურატურაში დაზარალებულის ოჯახს, სავარაუდოდ, ექსპერტიზის შედეგებს გააცნობენ. ადვოკატის მთავარი მოთხოვნა საქმის კვალიფიკაციის შეცვლაა.
დღეს თუ არ იქნება პასუხი აქციას მოვაწყობ სამხარაულთან ექსპერტიზის პასუხზე, ყველაფერზე უნდა ვიბრძოლო, რომ გამოვგლიჯო რაღაცეები თურმე. მოთხოვნით შევალ, რომ ობიექტურად იყოს გამოკვლეული თორემ, კიდევ ვიმეორებ, არ ეგონოს არავის, ისეთ ამბებს დავატრიელებ ძაღლი პატრონს ვერ იცნობს, მთავარია ჩემი შვილის მკვლელები მომიყვანონ და დამიყენონ წინ, ვინც არ უნდა იყოს, - ამბობს თეონა თამაზაშვილი.
ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ ბაჩალიაშვილის ავტომობილი იმ ადგილზე, სადაც ის სამართალდამცავებმა იპოვეს მიიყვანეს, რითიც დასტურდება, რომ თვითმკვლელობაზე ლაპარაკი ზედმეტია.
უნდა დაიკითხოს ის პიროვნება, რომელთანაც ჰქონდა კომუნიკაცია და რომლის შესახებაც ნიკა გვარამიას გადაცემაში მოვისმინეთ. აუცილებლად უნდა გვქიონდეს ექსპერტის დასკვნები, რომ გავეცნოთ, რამ განაპირობა თამუნას გარდაცვალება, როდის მოხდება FBI-ის უშვალო ჩართულობა, ზეპირი სიტყვის გარდა ჩვენ არაფერი არ გვესმის, - თქვა მიხეილ რამიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის ახალგაზრდა თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.
25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.