"ქართული ოცნება" ძალადობრივი პოლიტიკით კანდიდატის სტატუსის მინიჭებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის - "ლელოს" გაცხადება

გამოქვეყნდა:

პარტია "ლელო" 22 სექტემბერს გლდანში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება და საკრებულოს წევრ ირაკლი ეძგვერაძეზე ორგანიზებულ ჯგუფურ თავდასხმას გმობს. პარტია ნიკა მელიასა და მისი თანაგუნდელების დაუყოვნებლივ გათავისუფლებასაც მოითხოვს.

მათი შეფასებით, "ქართული ოცნება" ძალადობრივი პოლიტიკით საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მინიჭებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

"საქართველოს ხელისუფლებამ დიდი ხანია ზურგი აქცია სამართლის უზენაესობის პრინციპებს და უარი თქვა ქვეყანაში კონსტიტუციური უფლებების და წესრიგის დაცვაზე, პოლიტიკური დევნის მიზნით. "ქართული ოცნება" იცავს რუსეთის ჯაშუშებს, კრიმინალურ დაჯგუფებებს, რომლებსაც არჩევნებში იყენებს. ამავე დროს, ხელისუფლება ებრძვის დემოკრატიულ ოპოზიციას და თავისუფალ მედიას, დაუსჯელად ტოვებს მათ წინააღმდეგ ძალადობას. “ლელო საქართველოსთვის” კატეგორიულად გმობს საკრებულოს წევრ ირაკლი ეძგვერაძეზე ორგანიზებულ ჯგუფურ თავდასხმას, ნიკა მელიასა და მისი თანაგუნდელების უკანონო დაკავებას და მოითხოვს მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

განვითარებულ მოვლენებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, მის მიერ პოლარიზაციის გაღრმავების მიზანმიმართულ მცდელობას. პარტია “ლელო” მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ აღკვეთოს დანაშაულებრივი ქმედებები ოპოზიციის და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ. “ქართული ოცნება” ძალადობრივი პოლიტიკით საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მინიჭებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. მმართველმა პარტიამ უნდა შეწყვიტოს ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის საბოტაჟი," - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ენმ-ის წევრს, თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს გუშინ საღამოს გლდანში, საკუთარ სახლთან ხელკეტებით შეიარაღებული ირები დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ეძგვერაძეს სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება. ის მომხდარში საკრებულოს "ოცნების" დეპუტატის, კოტე ზარნაძის გარემოცვას ადანაშაულებს.

თავდასხმას თბილისის საკრებულოში 22 სექტემბერს გამართულ სხდომაზე ეძგვერაძესა და ზარნაძეს შორის მომხდარი ხელჩართული ჩხუბი უძღოდა წინ.

ეძგვერაძეზე თავდასხმის შემდეგ, მასთან მივიდნენ ენმ-ის წევრები. ადგილზე პოლიციასთან დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც შსს-მ ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა დააკავა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი