თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატზე თავდამსხმელები ამ დრომდე არ დაუკავებიათ. გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლითაა დაწყებული, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მათი იდენტიფიცირებაც კი არ მოუხდენია. მოძალადეების ნაცვლად პოლიციამ დაზარალებული მხარის წარმომადგენლები დააკავა.
დაკავებულია "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია. ასევე, პარტიის წევრები ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა. უფლებადამცველები მათ რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ ისინი თბილისში, დროებითი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.
ირაკლი ეძგვერაძე და მისი მეგობრები კი მრავლობითი დაზიანებებით ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან. როგორც თავად ამბობენ, მათი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
"მთავარმა არხმა" მოახერხა ორი თავდამსხმელის იდენტიფიცირებაც: ერთ-ერთია ტატო ხუნდაძე, რომელიც, არსებული ინფორმაციით, დედაქალაქის ერთ-ერთ გამგეობაში მუშაობს. ის ცნობილია 2020 წლის არჩევნებით, რადგან გლდანში განვითარებულ დაპირისპირებებში იღებდა მონაწილეობას.
მეორე პირი კი ელგუჯა შუკაკიძეა, რომელიც, სავარაუდოდ, გუშინ განვითარებული მოვლენების ორგანიზატორი იყო.
შეგახსენებთ, ენმ-ის წევრს, თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს გუშინ საღამოს გლდანში, საკუთარ სახლთან ხელკეტებით შეიარაღებული ირები დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ეძგვერაძეს სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება. ის მომხდარში საკრებულოს "ოცნების" დეპუტატის, კოტე ზარნაძის გარემოცვას ადანაშაულებს.
თავდასხმას თბილისის საკრებულოში 22 სექტემბერს გამართულ სხდომაზე ეძგვერაძესა და ზარნაძეს შორის მომხდარი ხელჩართული ჩხუბი უძღოდა წინ.
ეძგვერაძეზე თავდასხმის შემდეგ, მასთან მივიდნენ ენმ-ის წევრები. ადგილზე პოლიციასთან დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც შსს-მ ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა დააკავა.
ასევე ნახეთ: