არც მე და არც ეროვნულ ბანკს არ სჭირდება ვინმეს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ საერთაშორისო ვალდებულებების აღსრულება მოვიყვანოთ მეტ შესაბამისობაში ადგილობრივ კანონმდებლობასთან – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში განაცხადა.
„კითხვის ნიშნები გამოიწვია ირაკლი კობახიძის განცხადებამ, რომელმაც ჩვენ გაგვაკრიტიკა. რა თქმა უნდა, საყურადღებო კომენტარი და გამოსვლა იყო მისი მხრიდან, მაგრამ არც მე და არც ეროვნულ ბანკს არ სჭირდება ვინმეს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ საერთაშორისო ვალდებულებების აღსრულება მოვიყვანოთ მეტ შესაბამისობაში ადგილობრივ კანონმდებლობასთან“, – განაცხადა თურნავამ.
თურნავამ აღნიშნა, რომ პოლიტიკოსების გამოსვლა, რომლებიც ეროვნულ ბანკს აკრიტიკებენ, საყურადღებოა, თუმცა მათი განცხადებები ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებებზე არ მოქმედებს, რადგან ის არის დამოუკიდებელი ინსტიტუტი და გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღება.
შეგახსენებთ, რუსულ ეფესბესთან კავშირში მხილებულ ფარცხალაძეს სებ-მა ჯერ შეუზღუდა საბანკო ანგარიშებზე წვდომა, ხოლო მას შემდეგ რაც ირაკლი კობახიძემ ეროვნული ბანკი კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა, თურნავას ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, სანქცირებულ ფარცხალაძეს გამონაკლისის სახით, კვლავ აღუდგინეს წვდომა ანგარიშებზე. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, სებ-ი დატოვა სამმა ვიცე-პრეზიდენტმა და ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა.