პროკურატურამ გლდანში ოპოზიციონერებზე თავდასხმის მონაწილე 6 პირს ბრალი წარუდგინა

გამოქვეყნდა:

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, გლდანის I მიკრო-რაიონში, ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულები ამ ეტაპზე დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად, თავს დაესხნენ 4 პირს და მათ მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელეს.

"სამართალდამცველებმა ბრალდებულები 23 სექტემბერს დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის. 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ძალადობა ჩადენილი ჯგუფურად და ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს" - წერია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, აღნიშნულ თავდასხმაში მონაწილე სხვა პირთა დადგენის მიზნით.  

შეგახსენებთ, ენმ-ის წევრს, თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს 22 სექტემბერს გლდანში, საკუთარ სახლთან ხელკეტებით შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ეძგვერაძეს სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება. ის მომხდარში საკრებულოს "ოცნების" დეპუტატის, კოტე ზარნაძის გარემოცვას ადანაშაულებს, რადგან თავდასხმას თბილისის საკრებულოში 22 სექტემბერს გამართულ სხდომაზე ეძგვერაძესა და ზარნაძეს შორის მომხდარი ხელჩართული ჩხუბი უძღოდა წინ.

ეძგვერაძეზე თავდასხმის შემდეგ, მასთან მივიდნენ ენმ-ის წევრები. ადგილზე პოლიციასთან დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც შსს-მ ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა დააკავა. 

23 სექტემბერს კი გლდანში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე შსს-მ მხოლოდ 6 პირი დააკავა. უწყება ასევე ამტკიცებდა, რომ დაპირისპირების შედეგად, პოლიციის თანამშრომლებს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ და სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი