პარტია "საქართველოსთვის" აცხადებს, რომ მხარს დაუჭერენ პარლამენტში შოვის ტრაგედიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას. ბრიფინგზე შალვა კერესელიძემ თქვა, რომ პარტიის წევრები არ მიიღებენ კომისიის საქმიანობაში მონაწილეობას და მხოლოდ საექსპერტო, ადამიანური რესურსებით ან სხვა ფორმით იქნებიან წარმოდგენილები.
"სამწუხაროდ შს მინისტრის ინტერპელაციამ და ჩვენი გუნდის მიერ გაგზავნილ კითხვებზე კონსტიტუციის დარღვევით მიღებულმა პასუხებმა ნათელი გახადა, რომ ხელისუფლება მზად არ არის ადეკვატური პასუხი გასცეს მომხდარს სავარაუდო სამოხელეო გულგრილობას, ოცნების ხელისუფლება მზად არ არის აიღოს პასუხისმგებლობა რათა მომავალში მსგავსი ტრაგედიები თავიდან იქნას აცილებული. ოცნებასა და ნაცმოძრაობის პირობებში, მაშინ, როდესაც ეს ორი დესტრუქციული ძალა ამ ტრაგედიის ერთმანეთის დასაზიანებლად და პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად გამოყენებას ცდილობს, საგამოძიებო კომისია ვერ იქნება ეფექტიანი მექანიზმი ჭეშმარიტების დასადგენად, თუმცა, მიუხედავად ამისა, სანამ საზოგადოების ნაწილი, მათ შორის შოვის მოსახლეობის, ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ საგამოძიებო კომისიას შეუძლია პოზიტიური როლის შესრულება სიმართლის დადგენაში, ჩვენი საპარლამენტო გუნდი არ გახდება ბარიერი და კომისიის შექმნას ჩვენ მხარს დავუჭერთ. მაგრამ აქვე ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ კომისიის შექმნის შემთხვევაში ჩვენი გუნდი კომისიის წევრები არ ვიქნებით", - თქვა შალვა კერესელიძემ.
ცნობისთვის, შოვზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის განხილვა "ნაციონალურმა მოძრაობამ" გადადო, რადგან ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრებმა დამატებითი დრო ითხოვეს შს მინისტრის ინტერპელაციის პროცედურამდე. გომელაურს საკანონმდებლო ორგანოში გასულ კვირას მოუსმინეს.