
ბოლოდროინდელი დანაკარგების შემდეგ, რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა დაკარგა უკრაინის ეფექტური საზღვაო ბლოკადის განხორციელების უნარი, მაგრამ ჯერ კიდევ შეუძლია პატრულირება და უკრაინის მიმართულებით რაკეტების გასროლა - იტყობინება დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო.
ბრიტანული დაზვერვა აცხადებს, რომ რუსულ ფლოტზე დარტყმები, რომელიც 20 და 22 სექტემბერს მისი შტაბის განადგურებით დასრულდა, ბევრად უფრო დამანგრეველი და კოორდინირებული იყო, ვიდრე ყველაფერი, რაც აქამდე მოხდა ომში. მათივე განცხადებით, გემების დაკარგვამ და სარდლობის სიკვდილმა მნიშვნელოვნად შეზღუდა რუსული ფლოტის პოტენციალი.
„შავ ზღვაში მიმდინარეობს დინამიური ბრძოლა. ეს, სავარაუდოდ, აიძულებს რუსეთს რეაქტიულად იმოქმედოს, რაც აჩვენებს, რომ უკრაინის არმიას შეუძლია ძირი გამოუთხაროს კრემლის სიმბოლურ და სტრატეგიულ ძალას, რომელიც კონცენტრირებულია ყინვაგამძლე პორტში, ოკუპირებულ სევასტოპოლში“, - აცხადებს ბრიტანული დაზვერვა.
შეგახსენებთ, 13 სექტემბრის ღამეს, სევასტოპოლის გემების სარემონტო ქარხანაზე სარაკეტო თავდასხმამ თითქმის სრულად გაანადგურა რუსული სადესანტო გემი "მინსკი" და წყალქვეშა ნავი.
22 სექტემბერს კი, სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე თავდასხმა მოხდა. უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, თავდასხმის დროს დაიღუპა ფლოტის მეთაური და რამდენიმე უფროსი ოფიცერი.