25 სექტემბერს, ოკუპანტების ცეცხლქვეშ უკრაინის 11 რეგიონი მოექცა - სამხარეო ადმინისტრაციების მონაცემები

გამოქვეყნდა:

25 სექტემბერს, ერთ დღეში რუსი ოკუპანტების ცეცხლქვეშ უკრაინის 11 რეგიონი მოექცა - ამის შესახებ ინფორმაციას  Українська правда სამხარეო ადმინისტრაციებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გასულ ღამეს ჩერკასის ოლქს რუსეთი "შაჰიდებით" დაესხა თავს, რის შედეგადაც ინფრასტრუქტურული ობიექტი დაზიანდა. საჰაერო თავდაცვის ძალებმა იქ 4 სამიზნე ჩამოაგდეს. 

გასულ დღეს 10-ჯერ დაიბომბა ჩერნიგოვის რეგიონი. ოკუპანტებმა არტილერია და ნაღმმტყორცნები ისროლეს კორიუკოვისა და ნოვგოროდ-სივერსკის საზღვრის გასწვრივაც (4 აფეთქება იყო სემენივსკის თემის ტერიტორიაზე). რუსეთი იყენებდა საჰაერო რაკეტებსაც.

ღამით რუსეთმა ნაღმმტყორცნებით შეუტია სუმის ოლქში, ზნობ-ნოვგოროდის თემს, სადაც 2 აფეთქება დაფიქსირდა. სერედინო-ბუდსკის თემში კი დაბომბვის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. ამ ოლქის სასაზღვრო ტერიტორიები და დასახლებები კი ჯამში 20-ჯერ დაიბომბა. დაფიქსირდა 77 აფეთქება.

დნეპროპეტროვსკის ოლქი - დილით აფეთქება იყო ქალაქ კრივი რიჰში. დარტყმა, სავარაუდოდ, ერთ-ერთ საწარმოზე განხორციელდა. შედეგების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. ერთი დღით ადრე, რუსეთი თავს დაესხა ნიკოპოლს, სადაც 3 კერძო სახლი, 2 ფერმის შენობა, 40 მზის პანელი და ელექტროგადამცემი ხაზი დაზიანდა.

გასული დღის განმავლობაში რუსებმა 124 დარტყმა განახორციელეს ზაპოროჟიეზე, ოკუპანტების ცეცხლქვეშ 23 ქალაქი და სოფელი იყო. საარტილერიო სროლის შედეგად დაშავდა ერთი და დაიღუპა ასევე ერთი ადამიანი. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, ფერმის შენობები და ინფრასტრუქტურული ობიექტები.

ხარკოვის ოლქი: ორშაბათს, ჩუგუივის რაიონის ქალაქ ვოვჩანსკში დაბომბვის შედეგად დაზიანდა სახლი და შენობა, გაჩნდა ხანძარი. განადგურდა მანქანები, დაზიანდა კერძო საცხოვრებელი კორპუსები. დაშავდა 73 წლის მამაკაცი და 60 წლის ქალი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაბომბვის შედეგად სოფელ იზიუმის რაიონში ელექტროგადამცემი ხაზი დაზიანდა. სოფელ ანდრიევკას მიდამოში კი, მოსავლის აღების დროს მინდორზე ნაღმი აფეთქდა, რასაც მსხვერპლია არ მოჰყოლია. თუმცა, რეგიონში ერთი დღის განმავლობაში 2 ადამიანი დაშავდა.

ლუგანსკის რეგიონი: მტერმა ავიაციითა და არტილერიით შეუტია ნევსკის. დღის განმავლობაში 7 აფეთქება დაფიქსირდა. რუსული საჰაერო იერიში განხორციელდა ნადიაზე, ნოვოეჰორივკაზე და ბილოგორივკაზე. გასული დღის განმავლობაში მტერმა რეგიონში 539 ჭურვი ისროლა.

დონეცკის ოლქი: რუსები რეგიონის დასახლებულ პუნქტებს უტევდნენ, რის შედეგადაც ერთ დღეში 2 ადამიანი დაიღუპა.

მიკოლაივის ოლქი: ამ რეგიონში საჰაერო თავდაცვის ძალებითა და საშუალებებით ექვსი "შაჰიდის" ტიპის დრონი ღამით ჩამოაგდეს. ბერეზნეგუვატის თემში, დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად სასოფლო-სამეურნეო საწარმოში ხანძარი გაჩნდა. საღამოს კი ქალაქ მიკოლაევს რაკეტა დაეჯახა. დარტყმა ქალაქის გარეუბანში მდებარე ინფრასტრუქტურულ ობიექტზე დაფიქსირდა.

ოდესა: რუსი ოკუპანტები რეგიონს უპილოტო თვითმფრინავებით ორი საათის განმავლობაში უტევდნენ. დრონების უმეტესობა უკრაინელებმა ჩამოაგდეს, თუმცა იზმაილის რაიონში საპორტო ინფრასტრუქტურა დაზიანდა.

ხერსონის ოლქი: დილით მტერმა ავიაციიდან დაარტყა ოლჰივკას. რუსებმა ასევე დაბომბეს კისელივკა და ხერსონი. გასული დღის განმავლობაში მტერმა რეგიონს 93-ჯერ შეუტია. ერთ დღეში ამ ოლქში 6 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი