უკრაინამ თითქმის დაასრულა ევროკომისიის ყველა რეკომენდაციის შესრულება სამთავრობო დონეზე. ეს აუცილებელი იყო ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად- აცხადებს პრემიერმინისტრი დენის შმიგალი.
როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის „ერთობა მრავალფეროვნებაში“ დამტკიცების შემდეგ, შესაძლებელი იქნება ევროკომისიის შვიდივე რეკომენდაციის სრულ შესრულებაზე საუბარი.
აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს პირობების შექმნას ეროვნული უმცირესობებისა და მკვიდრი მოსახლეობის უფლებებისა და შესაძლებლობების რეალიზაციისათვის.
პრემიერის თქმით, პროგრამის დამტკიცების შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ მთავრობის დონეზე უკრაინა ევროკომისიის შვიდი რეკომენდაციის შესრულებას სრულად დაასრულებს.
შმიგალმა ჩამოთვალა რეკომენდაციები, რომლებზეც უკრაინის მთავრობამ იმუშავა:
დაიწყო საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმა და ამჟამად უკრაინა მუდმივ კონსულტაციებშია ვენეციის კომისიასთან;
გადაიტვირთა იუსტიციის უმაღლესი საბჭო და მოსამართლეთა უმაღლესი საკვალიფიკაციო კომისია;
შესრულებულია ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ანტიოლიგარქიულ კანონთან დაკავშირებით;
მედიისა და რეკლამის შესახებ კანონმდებლობა ძალაში შევიდა;
შემუშავდა კანონქვემდებარე აქტები ეროვნული უმცირესობების შესახებ ახალი კანონის განსახორციელებლად;
FATF-ის სტანდარტების ფარგლებში შემუშავდა ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი ბაზა.
გარდა ამისა, პრემიერის თქმით, ძლიერდება ანტიკორუფციული ორგანოების ინსტიტუციური შესაძლებლობები და დამოუკიდებლობა.
„მოველით, რომ ოქტომბერში უკრაინა მიიღებს პოზიტიურ შეფასებას ევროკავშირის გაფართოების პაკეტის მოხსენების ფარგლებში. შემდეგ კი იქნება კენჭისყრა ევროსაბჭოში, რომელიც გზას გაუხსნის ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებისკენ“, - აცხადებს უკრაინის პრემიერი.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 28 თებერვალს, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მოაწერა ხელი. უკვე 1-ელ მარტს, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინის ინიციატივას და ივნისში უკრაინა გახდა კანდიდატი ქვეყანა.
ევროკომისიამ უკრაინას შვიდი რეკომენდაცია განუსაზღვრა.