საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, გაერთიანებული სამეფოსა და უკრაინის ლიდერების ერთობლივი განცხადება კიევში შეხვედრის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკის ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.
"2025 წლის 10 მაისს, შაბათს, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, გაერთიანებული სამეფოსა და უკრაინის ლიდერები კიევში შეხვდნენ.
შეთანხმდნენ, რომ ორშაბათიდან, 12 მაისიდან, სულ მცირე 30 დღის განმავლობაში უნდა იყოს სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა.
შეთანხმდნენ, რომ უპირობო ცეცხლის შეწყვეტა, განმარტებით, არ შეიძლება დაექვემდებაროს რაიმე პირობას. თუ რუსეთი ასეთ პირობებს დააწესებს, ეს მხოლოდ ომის გახანგრძლივებისა და დიპლომატიის ძირის გამოთხრის მცდელობად შეიძლება ჩაითვალოს.
მათ მოითხოვეს, რომ ცეცხლის შეწყვეტა იყოს ყოვლისმომცველი: ჰაერში, ზღვაზე და ხმელეთზე.
ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ამისთვის საჭირო იქნება ეფექტური მონიტორინგი, რომლის წარმატებით განხორციელებაც შეერთებულ შტატებთან მჭიდრო კოორდინაციით იქნება შესაძლებელი.
ისინი შეთანხმდნენ, რომ ცეცხლის შეწყვეტა სულ მცირე 30 დღე უნდა გაგრძელდეს დიპლომატიისთვის სივრცის შესაქმნელად. ამ პერიოდში დიპლომატიური მუშაობა უნდა იყოს ორიენტირებული მშვიდობის უსაფრთხოების, პოლიტიკური და ჰუმანიტარული საფუძვლების განსაზღვრაზე.
მიესალმნენ როგორც ევროპის, ასევე შეერთებული შტატების მხარდაჭერას ცეცხლის შეწყვეტისა და შინაარსიანი მოლაპარაკებებისკენ მოწოდების მიმართ.
ხაზი გაუსვეს უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების, როგორც უკრაინის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების მთავარი გარანტის, გაძლიერების უდიდეს მნიშვნელობას. გარანტის ძალა (კონტინგენტი) ასევე უნდა იყოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების ძირითადი ელემენტი.
ისინი შეთანხმდნენ, რომ თუ რუსეთი უარს იტყვის სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე, მის საბანკო და ენერგეტიკულ სექტორებზე უნდა გავრცელდეს უფრო მკაცრი სანქციები, რომლებიც მიმართული იქნება წიაღისეული საწვავის, ნავთობისა და ჩრდილოვანი ფლოტის მიმართ.
ისინი შეთანხმდნენ, რომ მიიღებენ ევროკავშირის სანქციების მე-17 ძლიერ პაკეტს და კოორდინაციას გაუწევენ მას გაერთიანებული სამეფოსა და ნორვეგიის, ასევე შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ სანქციებთან.
შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მუშაობას გაყინული რუსული აქტივების ეფექტურად გამოყენებაზე და ამ საკითხს განიხილავენ G7-ის შემდეგ სამიტზე.
გამოთქვეს მზადყოფნა, კიდევ უფრო გააძლიერონ უკრაინის თავდაცვა, განსაკუთრებით უკრაინის არმია. ეს უნდა მოიცავდეს თავდაცვის მდგრადობის დაფინანსებას და ინვესტიციებს იარაღის წარმოებაში, როგორც უკრაინაში, ასევე ევროპის ქვეყნებში, ერთობლივი პროექტების ფარგლებში." ნათქვამია განცხადებაში