
ორი დღის წინ, ნატანების საჯარო სკოლაში ჩამოინგრა ჭერი. დღეს, საკრებულოს თავმჯდომარემ პირდაპირ დაადასტურა, რომ ამის შესახებ იცოდა ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ - აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი, თათია ნიკოლაშვილი.
მისი თქმით, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და უნდა დაიწყოს გამოძიება.
"ორი დღის წინ, ნატანების საჯარო სკოლაში ჩამოინგრა ჭერი, სადაც 500-მდე ბავშვი სწავლობს და მიმდინარეობდა სასწავლო პროცესი, დაშავდა ორი ადამიანი. ამ დრომდე ერთ-ერთი არის საავადმყოფოში.
დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარემ პირდაპირ დაადასტურა, რომ ამის შესახებ იცოდა ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ და ყველა ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელმა. ეს არის პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაული, ვითხოვთ დაიწყოს გამოძიება, გასაჯაროვდეს ის კონკრეტული დოკუმენტაციები, რითაც დასტურდება, რომ უკვე იცოდნენ ამ ადამიანებმა, რომ საფრთხის წინაშე, ავარიულ შენობაში დადიოდა 500-მდე ბავშვი სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად." ამბობს ნიკოლაშვილი.
ენმ შესაბამის ორგანოებს, რეაგირებისკენ მოუწოდებს.
"პრაქტიკულად, საკრებულოს თავმჯდომარე,, დავით დარჩიამ დღეს საჯაროდ განაცხადა იმაზე, რომ ადგილი აქვს სამსახურებრივ გულგრილობას და ამის ნათელი მაგალითი არის ის ფაქტი, რომელი ფაქტის წინაშეც დღეს ჩვენ ვდგავართ. იმის ნაცვლად, რომ ავარიული სკოლიდან გადაეყვანათ ბავშვები, საფრთხე აერიდებინათ ბავშვებისთვის, სხვა ავარიული სკოლიდან გადმოიყვანეს, გაამსხვილეს ეს სკოლა და ბავშვები ჩააყენეს სიცოცხლის საფრთხის ქვეშ - განაცხადა ბრიფინგზე ენმ-ის წევრმა, საკრებულოს დეპუტატმა დავით მჟავანაძემ.
შეგახსენებთ, ამ საკითხთან დაკავშირებით ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე დღეს მწვავე დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.