"ქართული ოცნების" დეპუტატი გია ვოლსკი "მთავარი არხის" დამფუძნებლის განცხადებას ეხმაურება, სადაც ნიკა გვარამია ამბობს, რომ არსებობს ე.წ. ოთარის გვარდია, რომელშიც 4 000 ადამიანია და ქალაქს წინასაარჩევნოდ აკონტროლებენ.
ვოლსკის ამტკიცებს, რომ ასეთი რაზმები არ არსებობს და, მისი თქმით, ოთარ ფარცხალაძეს პოლიტიკურ პროცესში არანაირი როლი არ აქვს.
"მოიგონეს, რომ ოთარ ფარცხალაძეს, რომელსაც აბსოლუტურად არანაირი როლი არცერთ პოლიტიკურ პროცესში არა აქვს, აქვს გარკვეული რაზმის შექმნის და ამ რაზმის გამოყენების რაიმე რესურსი. ასეთი რაზმები არ არსებობს. რაზმი საქართველოსთვის მოსამსახურე ადამიანების, საქართველოსთვის თავდადებული ადამიანების გააჩნია შესაბამის ძალოვანს სტრუქტურებს, რომლებიც მოქმედებენ კონსტიტუციის შესაბამისად. სხვა რაზმი არც "ქართულ ოცნებას" არ ჭირდება და არც ეროვნულ ინტერესებში ჯდება მისი არსებობა," - ამბობს ვოლსკი.
იხილეთ ასევე:
ცნობისთვის, 14 სექტემბერს, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა FSB-თან კავშირით.
19 სექტემბერს პროკურატურამ განაცხადა, რომ ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საქმეზე გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს. მუხლი დაკონკრეტებული არ ყოფილა. 22 სექტემბერს სუს-მა დაადასტურა, რომ ამერიკის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის გამოკითხეს, თუმცა უცნობია როდის და რა კითხვები ჰქონდათ ფარცხალაძესთან უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლებს.