შვილის მიერ მოკლული მამა, გადამალული ცხედარი და "დაკარგულის" ძებნაში მონაწილეობა - მკვლელობა სოფელ ქორდში

გამოქვეყნდა:

სოფელ ქორდში 67 წლის მამაკაცს, რომელიც მოკლული აღმოჩნდა, ერთი კვირის განმავლობაში ეძებდნენ. უშანგი ინაურის სიცოცხლე საკუთარმა შვილმა, 28 წლის სანდრო ინაურმა  იმსხვერპლა.

მან მამას 26 სექტემბერს, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა სანადირო თოფით მიაყენა. ცხედარი ზეწრებში გადაახვია, მანქანით თბილისში წაიღო და ავჭალის დასახლებაში აგარაკზე გადამალა. უკან დაბრუნებულმა კი მეზობლებს უთხრა, რომ  კაცი  გაუჩინარდა და ძებნაში დახმარება ითხოვა. 

ფაქტის შესახებ ბრალდებულმა სამართალდამცველებს გამოკითხვის დროს უამბო. ერთ -ერთი ვერსიით, მკვლელობის მიზეზი მამა-შვილს შორის ურთიერთშელაპარაკება გახდა, რომელიც ქონებრივ დავას უკავშირდება.

ბრალდებული ახლა წინასწარი მოთავსების იზოლატორში, მოსამართლის ვერდიქტის მოლოდინშია. გორის სასამართლოში აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობა ხვალ უნდა გაიმართოს. 

პროკურატურამ დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის „ე“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზარახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში - დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა.  პროკურატურის განცხადებით, დაკავებულმა მძინარე მამას იარაღიდან თავში ესროლა.

რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი