პოლიციელზე თავდასხმისთვის ნასამართლევი პირი ახლა მკვლელობაშია ბრალდებული, თუმცა ისევ თავისუფალია. 24 საათზე მეტია გამოძიება მის კვალზე ვერ გავიდა. უცნობია, რა გახდა დაპირისპირების მოტივი და რატომ გაიმეტა სასიკვდილოდ ბრალდებულმა მეზობელი, 23 წლის ახალგაზრდა. მძიმედ დაჭრილი პირი კლინიკაში უცნობმა პირებმა გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოესწრო.
დეტალები:
ეჭვმიტანილი მამაკაცი მოკლულის თანასოფლელი და მეზობელია. გავრცელებული ინფორმაციით მოკლულს ორი ჭრილობა აღენიშნებოდა, რომელიც ბრალდებულმა ბასრი იარაღით მიაყენა. სავარაუდო მკვლელი ადრეც იყო ნასამართლევი და ციხიდან სულ ცოტა ხნის წინ გამოუშვეს ვადაზე ადრე, 4 წლიანი პატიმრობის შემდეგ.
მკვლელობა გუშინ, 28 სექტემბერს გურიაში მოხდა. მოტივი უცნობია. მეზობლები დეტალებზე ვერ საუბრობენ, თუმცა ადასტურებენ რომ ყვირილისა და კამათის ხმა ესმოდათ.
სავარაუდო დამნაშავის ოჯახის წევრები ჰყვებიან, რომ მას ფსიქიკური პრობლემები აქვს და მათთვის უცნობია ადგილსამყოფელი.
დაჭრილი 23 წლის ახალგაზრდა კლინიკაში სამმა უცნობმა პირმა მიიყვანა. ამის შესახებ "მთავარს" კლინიკის ერთერთი ექიმი უყვება, რომელიც ამბობს რომ საავადმყოფოში მიყვანისას ახალგაზრდა მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
ავტორი: ვლადიმერ მენაბდე