გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებას გენერეალური პროკურატურა დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაცია გუშინ, 17 აგვისტოს პროკურატურაში ოჯახის მორიგი შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
ორი დღე უნდათ, რომ გამომძიებლები გაეცნონ მასალებს, ხუთშაბათს მოვალთ და ჩვენთვითონაც რა კითხვებიც გვექნება ერთად დავსხდებით და განვიხილავთ, საქმე ექსპერტიზის შემდეგ გადაკვალიფიცირდება, შუალედური დასკვნა უკვე გამოთხოვილია და სავარაუდოდ ხუთშაბათისთვის იქნება, - თქვა გარდაცვლილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა.
ოჯახის ადვოკატყის, მიხეილ რამიშვილის თქმით, გასაჯაროებულმა კადრებმა, სადაც ჩანს, რომ ბაჩალიაშვილის მანქანა რამდენიმე დღე პოვნის ადგილზე არ იმყოფებოდა, გენერალურ პროკურორს და მის მოადგილეებს კითხვისნიშნები გაუჩინა.
შექმნა პირობა, რომ სატელიტური სურათებიც გამოითხოვონ და დაადგინონ 18-19-20-21-22 ივლისს იყო თუ არა საერთოდ მანქანა ადგილზე. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზები რაც არის თვის ბოლოს იქნება უცხოელი სპეციალისტები მოწვეული საზღვარგარეთიდან, ძალიან კარგი სპეციალისტები, რომლებიც ერთდროულად გაეცნობიან ამ დასკვნებს და იქნებიან ჩართულები, ამავდროულად იქნება კომპლექსური კომისიური ექსპერტიზა, რომელსაც მე "ემპათიასთან" ერთად ვატარებ, - თქვა მიხეილ რამიშვილმა.
ადვოკატის თქმით, ნდობა საგამოძიებო უწყების მიმართ გაჩნდება მაშინ, როცა შედეგს დაინახავენ.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის ახალგაზრდა თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.
25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.