19 წლის ფეხბურთელის საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვანის, ზ.ხ-ს მამა აცხადებს, რომ თუ სასამართლოზე მისი შვილის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება ის პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს და ციხეში შიმშილობას დაიწყებს. ზ.ხ.-ს მამა, თამაზ ხომასურიძე ამბობს, რომ არასრულწლოვანი სიცრუის დეტექტორზე ითხოვს დაკითხვას.
დღეს აუცილებლად გავასაჩივრებ იმ პროკურორების საქმიდან ჩამოშორებას, რომლებიც იქ სხედან იმიტომ, რომ პირადად არიან დაინტერესებული ჩემი შვილისთვის დანაშაულის დამტკიცებაში. 15 საათი ჰყავდათ დაკითხვაზე და ხელი ისე მოაწერინეს ოქმზე, რომ ბავშვს წაკითხული არ ჰქონდა. ჩემი შვილი აპირებს შიმშილობის დაწყებას, ითხოვს სიცრუის დეტექტორს, ამბობს, რომ ყველაფერს იტყვის, თუ ის შიმშილობას დაიწყებს, მაშინ მთელი ოჯახი ასე მოვიქცევით და ვიშიმშილებთ პროკურატურის წინ, - ამბობს თამაზ ხომასურიძე.
შეგახსენებთ, რომ შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვანის პროცესი დღეს, 18 აგვისტოს მცხეთის საქალაქო სასამართლოში გაიმართება. არასრულწლოვანთაგან 2-ს ბრალი დაუმძიმდა.
შეგახსენებთ, რომ 11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო. ჯამში საქმეზე დაკავებული 17 პირია, რომელებიც სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებულების ადვოკატები პროკურატურის პოზიციას არ ეთანხმებიან.
ხუთი პირის გარდა, ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის, ასევე, ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე დაკავებულია კიდევ 12 პირი, რომლებსაც აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა აქვთ შეფარდებული. მათ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.