სომხეთის პარლამენტმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC-ის) რომის სტატუტის რატიფიცირება მოახდინა. კანონპროექტს მხარი 60-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 22 წავიდა (ოპოზიციური ფრაქციების - "სომხეთი" და "მე მაქვს პატივი" - წარმომადგენლები).
სომხეთმა რომის სტატუტს 1998 წლის 17 ივლისს მოაწერა ხელი, თუმცა ამ დრომდე არ ჰქონდა ის რატიფიცირებული. 2004 წელს სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ის მაშინ მოქმედ კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ ცნო.
2022 წლის ბოლოს სომხეთის მთავრობამ კვლავ მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს რომის სტატუტის კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესამოწმებლად. 24 მარტს სასამართლომ დაადგინა, რომ ის შესაბამისობაშია ქვეყნის ძირითად კანონთან.
ცნობისთვის, 17 მარტს ICC-მ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, დაპატიმრების ორდერი გასცა. რომის სტატუტის რატიფიცირებით პუტინის დაკავების ვალდებულება სომხურ მხარესაც ექნება.
რუსეთში აცხადებდნენ, რომ სომხეთის მიერ რომის სტატუტის რატიფიცირებას ორმხრივი ურთიერთობებისთვის ნეგატიური შედეგები ექნება.