მოსამართლეებს აქვთ გარკვეული აზრები, თუმცა ეს არ ნიშნავს საბოლოო დასკვნას - მერაბ ტურავა

გამოქვეყნდა:

ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმეზე სხდომა განახლდა. სხდომის დაწყებამდე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა ჟურნალისტებთან მცირე კომენტარები გააკეთეს. 

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას განცხადებით, საკონსტიტუციოს ყველა წევრს, მათ შორის მოსამართლეებს აქვთ საკუთარი მოსაზრებები, თუმცა "ეს მოსაზრებები არ ნიშნავს საბოლოო დასკვნას".

"ჩვენ ვაძლევთ ამის უფლებას, რომ ერთმანეთს დაუსვან შეკითხვები და იმედი მაქვს, რომ ეს არ გადაიზრდება ისეთ პაექრობაში და განცხადებებისა და ინფორმაციების წარმოთქმაში, რომელსაც პოლიტიკური ხასიათი ექნება. 

ბუნებრივია ყველა პროცესის მონაწილეს, მათ შორის მოსამართლეებს აქვს გარკვეული აზრები, თუმცა ეს აზრები არ ნიშნავს საბოლოო დასკვნას. პრეცედენტული  მნიშვნელობის გადაწყვეტილების მიღება რა თქმა უნდა ფიქრს, დისკუსიას, აზრთა გაცვლა-გამოცვლას მოითხოვს და არა მგონია ისე მარტივად იყოს საქმე, რომ ზოგიერთ პოლიტიკოსს თუ არაპოლიტიკოსს ყოველგვარი არგუმენტების გარეშე გამოჰქონდეს ვერდიქტი", - ამბობს მერაბ ტურავა.

საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი მოსამართლის, ირინე იმერლიშვილის თქმით, ის ყოველთვის იმ გადაწყვეტილებას იღებს, რასაც ფიქრობს.

კიდევ ერთი მოსამართლე ევა გოცირიძე კი ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ მას პროცესზე საერთო მოსაზრება უკვე შეექმნა.

დღეს პროცედურულად მხარეებს ექნებათ პაექრობის საშუალება, ერთმანეთს შეკითხვებს დაუსვამენ, ამის შემდეგ ისინი სასამართლოს დასკვნითი, შემაჯამებელი სიტყვით მიმართავენ და პლენუმი გადაწყვეტილების მისაღებად სათათბიროდ გავა.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა 14 ოქტომბრამდე უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კონსტიტუცია. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი