საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმეზე სხდომა განახლდა. "ქართული ოცნება" უკვე მესამე დღეა ცდილობს საკონსტიტუციო სასამართლოში დაამტკიცოს, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობას აღარ იმსახურებს და მან დაკავებული პოსტი უნდა დატოვოს.
საკითხს საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი განიხილავს. თავად პრეზიდენტი პროცესებს არ ესწრება. მის ინტერესებს სასამართლოში იურისტები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იცავენ. "ოცნების" ინტერესებს კი თავად კონსტიტუციური წარდგინების ავტორები, ირაკლი კობახიძის მეთაურობით.
დღეს პროცედურულად მხარეებს ექნებათ პაექრობის საშუალება, ერთმანეთს შეკითხვებს დაუსვამენ, ამის შემდეგ ისინი სასამართლოს დასკვნითი, შემაჯამებელი სიტყვით მიმართავენ და პლენუმი გადაწყვეტილების მისაღებად სათათბიროდ გავა.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა 14 ოქტომბრამდე უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კონსტიტუცია.