"​​​​​​​იმპიჩმენტის პროცესი არის უდროო, ნამდვილად ვერ უწყობს ხელს დეპოლარიზაციას" | ჰერჩინსკი

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს პროცესი "უდროოა." მისივე თქმით, ეს ხდება მაშინ, როდესაც ევროკავშირის გაფართოების შესახებ მოხსენება უნდა გამოქვეყნდეს და ეს ყველაფერი დეპოლარიზაციას ხელს არ უწყობს.

"საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის შესახებ მე ახლა ბევრს ვერაფერს ვიტყვი, იმიტომ რომ საკონსტიტუციო სასამართლოზე მიმდინარე პროცესის შედეგებს ველოდებით, რადგან სწორედ იქ უნდა გადაწყდეს, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია. თუმცა, თუ მეკითხებით, ეხმარება თუ არა ეს იმპიჩმენტის პროცესი დეპოლარიზაციას, გეტყვით, რომ არა, არ ეხმარება და, სამწუხაროდ, ეს ასუსტებს სახელმწიფო ინსტიტუტებს.

გარდა ამისა, ეს ხდება ზუსტად იმ დროს, როდესაც ევროკავშირის გაფართოების შესახებ მოხსენება უნდა გამოქვეყნდეს. ასე რომ, დეპოლარიზაციას ეს ყველაფერი ნამდვილად ვერ უწყობს ხელს, რაც ნიშნავს, რომ ეს იმპიჩმენტის პროცესი არის უდროო და ეს ევროკავშირია უმაღლესმა წარმომადგენელმაც აღნიშნა რამდენიმე კვირის წინ საქართველოში ვიზიტისას," - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

მისივე თქმით, ახლა სასამართლოს დამოუკიდებლობა ყველაზე მთავარია, რადგან სწორედ მან უნდა გადაწყვიტოს, დაარღვია თუ არა ქვეყნის კონსტიტუცია პრეზიდენტმა.

ვიცი, რომ ეს საკითხი ძალიან სადავოა, მოვისმინე არგუმენტები როგორც პრეზიდენტის წარმომადგენლებისგან, ასევე მთავრობის წევრებისგან და ახლა ყველაფერი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. მე მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ პირადად მოვისმინე საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა ევროპარლამენტში და ეს იყო ძალიან კარგი სიტყვა, რომელშიც ის იმედს გამოთქვამდა, რომ საქართველო წინ ივლიდა ევროინტეგრაციის გზაზე და მიიღებდა კანდიდატის სტატუსს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა ყველაზე მთავარია და სწორედ მან უნდა გადაწყვიტოს, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია, - ამბობს ჰერჩინსკი.

შეგახსენებთ, 1-ელ სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ "ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებდა. მმართველი გუნდის მტკიცებით, მთავრობის უარის მიუხედავად, პრეზიდენტის ევროპაში მაინც გაემგზავრა, რითაც "უხეშად დაარღვია კონსტიტუცია".

გუშინ, 5 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების განხილვა დაასრულა. პლენუმი სამი დღის განმავლობაში უსმენდა მხარეებს. სასამართლომ დასკვნა 2 კვირის ვადაში უნდა გამოაქვეყნოს. 

თუ საკონსტიტუციო სასამართლო სალომე ზურაბიშვილის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევას დაადგენს, პოლიტიკური პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი