პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "შეკრებისა და მანიფესტაციების" შესახებ მიღებულ კანონს ვეტოს დაადებს, მას პარლამენტი დაძლევს.
"რა თქმა უნდა, ფუჭი ვეტო იქნება. პარლამენტი დაძლევს ამას. იმიტომ, რომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის სწორი კანონი და, მათ შორის, პასუხობს იმ უსაფრთხოების გამოწვევებს, რომელიც საქართველოს აქვს. და თავადვე ადასტურებენ, საბოლოო ჯამში, ვინც ყვირის, ზუსტად ისინი არიან, ვინც არიან რადიკალური ჯგუფის ნაწილი ან წამხალისებლები. ამიტომ, ეს პროცესი, მათ შორისმ ლუსტრაციაც იყო ძალიან კარგი. მარტშიც ვიხილეთ, არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი აქტორებისგან, "კაგებეს"
სახელმძღვანელოდან ამოწერილი ტაქტიკები, რომ მოახდინონ ბრენდირება რაღაც თემის.
სამწუხაროდ, მარტში ქართული საზოგადოება მაშინ მოუმზადებელი იყო ამ პორპაგანდისთვის. ეხლა უკვე მომზადებულია," - თქვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, პალამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და გუშინ, 5 ოქტომბერს, მესამე მოსმენით მიიღო ე.წ. ახალი რუსული კანონი.
"ქართული ოცნების" მორიგ რეპრესიულ კანონპროექტს ოპონენტებმა "რუსული კანონი ორი" უწოდეს, რადგან ამ კანონპროექტით მნიშვნელოვნად იზღუდება გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება და
დემონსტრანტებისთვის მთელ რიგ აკრძალვებს აწესებს.
კანონპროექტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას და შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.