„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი პრეზიდენტთან არ გაიგზავნება და მისი ხელმოწერის გარეშე შევა ძალაში, - განუცხადა "იმედს" „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.
„გადავწყვიტეთ, შეკრებების შესახებ კანონში ცვლილებები არ გავუგზავნოთ პრეზიდენტს ხელმოსაწერად, რადგან ეს კანონი პარლამენტმა არა საქართველოს კონსტიტუციის 45-46-ე მუხლების, არამედ 36-ე მუხლის საფუძველზე მიიღო. შესაბამისად, კანონი პრეზიდენტის ხელმოწერის გარეშე, დაუყოვნებლივ შევა ძალაში“, - თქვა კობახიძემ.
შეგახსენებთ, "ოცნების" პარლამენტმა მორიგი რუსული კანონი გუშინ, 5 ოქტომბერს მესამე მოსმენით მიიღო.
მნიშვნელოვნად იზღუდება გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება და დემონსტრანტებისთვის მთელ რიგ აკრძალვებს აწესებს.
შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას და შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.
კანონპროექტი "ოცნებამ" დაჩქარებული წესით განიხილა და მოტივად სუს-ის 18 სექტემბრის განცხადება დაასახელა, თითქოს ქვეყანაში ოქტომბერ-დეკემბერში "არეულობა და დესტაბილიზაცია იგეგმება".
კანონპროექტისთვის ვეტოს დადებისკენ პრეზიდენტ ზურაბიშვილს დღეს აქტივისტებმა მოუწოდეს.