"აშშ მტკიცედ დადგება ისრაელის გვერდით" - ამის შესახებ აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ედრიენ უოტსონმა განაცხადა ისრაელში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას.
"აშშ ცალსახად გმობს ჰამასის ტერორისტების არაპროვოცირებულ თავდასხმებს ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ტერორიზმს გამართლება არ აქვს. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ისრაელის მთავრობისა და ხალხის გვერდით და ვუსამძიმრებთ ამ თავდასხმების შედეგად დაღუპულებს“, - თქვა უოტსონმა.
მისივე თქმით, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯეკ სალივანი ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს ცაჩი ჰანეგბის ესაუბრა და მხარდაჭერა აღუთქვა.
ცნობისთვის, დღეს ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა.
სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.