ისრაელის სამაშველო სამსახურის ცნობით, "ჰამასის" თავდასხმის შემდეგ, მუსიკალური ფესტივალის ტერიტორიაზე, სულ მცირე 260 ადამიანის ცხედარი იპოვეს.
7 ოქტომბერს ნეგევის უდაბნოში, ებრაული დღესასწაულის, სუკოტის, აღსანიშნავად, მუსიკალური ფესტივალი იმართებოდა. მას ათასობით ადამიანი ესწრებოდა. გამთენიისას, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე, განგაშის სიგნალი გაისმა, რასაც ძალიან სწრაფად სარაკეტო თავდასხმა მოჰყვა.
სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ "ჰამასის" შეიარაღებულმა პირებმა ფესტივალის მონაწილეები მძევლად აიყვანეს, ასევე, ისინი ესროდნენ გაქცეულ მოქალაქეებს.
ბოლო მონაცემების მიხედვით, ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 700-ს გადააჭარბა. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაშავებულთა რიცხვი 2 200-ს აღემატება. დაღუპულია 400-ზე მეტი პალესტინელი.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ''ჰამასმა'' აიღო და მას ოპერაცია ''ალ-აკსას'' შტორმი ეწოდა.
სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია ''რკინის ხმლების'' დაწყება გამოაცხადა.