ჯანდაცვის მინისტრი დაკავებული ექიმის, ვახტანგ ყიფიანის საქმეზე, გამოძიებასთან სამინისტროს შუამდგომლობას არ გამორიცხავს.
განცხადება ეკატერინე ტიკარძემ ყიფიანის ოჯახის წევრებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა:
“გამოძიებასთან შუამდგომლობის შესაძლებლობა გარკვეულწილად არსებობს და ჩვენი არაერთი განცხადებით ეს უკვე მოხერხდა, თუმცა აქ მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებას მივცეთ იმის საშუალებაც, რომ ექსპერტების სრული ჩართულობით ჩაატაროს უფრო მეტად სამართლიანი გამოძიება, რომელიც იქნება ფაქტებზე დაყრდნობილი, რაც პაციენტის პატრონს არ მისცემს იმის განცდას, რომ სახელმწიფო მხოლოდ ექიმის მხარეს დგას” - ამბობს ტიკარაძე.
შეგახსენებთ, რომ „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორი გიორგი ლობჟანიძე და ამავე კლინიკების ექიმები - ვახტანგ ყიფიანი და მაგდა ხოჭოლავა თაღლითობისა და სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენების ბრალდებით დააკავეს და თბილისის საქალაქო სასამართლომ ორ მათგანს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა 5 აგვისტოს შეუფარდა. მაგდა ხოჭოლავას პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. გიორგი ლობჟანიძე კი 100 000 ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს.
ვახტანგ ყიფიანისა და მაგდა ხოჭოლავას მხარდასაჭერად უკვე რამდენიმე აქცია გამართეს ექიმებმა.
პროკურატურის ინფორმაციით, „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ პაციენტს ოპერაცია იტალიიდან მოწვეული ექიმების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე პირებმა გაუკეთეს. მათივე განცხადებით, ექიმების უყურადღებობისა და შეცდომების გამო პაციენტის მდგომარეობა გართულდა და იგი 2018 წლის დეკემბრიდან დღემდე, კომაშია.